მთავარიგადაცემებიFocusროგორ ეხმარება იაპონია უკრაინას აღმშენებლობაში?

როგორ ეხმარება იაპონია უკრაინას აღმშენებლობაში?

იაპონია ფერფლიდან აღდგენის წარსულ გამოცდილებას უკრაინის აღმშენებლობას მოახმარს

აღდგენა და განახლება  იაპონიის დნმ-ის ნაწილია. ახლა ეს აზიური ქვეყანა ომით განადგურებულ უკრაინას ეხმარება და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, თუ როგორ დადგა ფეხზე იაპონია სწრაფად ომისა და სტიქიური უბედურებების შემდეგ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი წლის თავზე ტოკიოში გაიმართა „იაპონიისა და უკრაინის კონფერენცია ეკონომიკის აღდგენისა და განვითარებისთვის“, რომელზეც განიხილეს, თუ როგორ დაეხმარება იაპონია ომისგან განადგურებულ უკრაინას.

იაპონია არის შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება აღდგეს ქვეყანა ფერფლიდან ფენიქსივით. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიიდან თითქმის არაფერი აღარ დარჩა, ამ აზიურმა ქვეყანამ წარმოუდგენლად სწრაფად მოახერხა ფეხზე დადგომა და ე.წ. „იაპონური ეკონომიკის სასწაული“ შექმნა.

შეუპოვრობისა და ცოდნის წყალობით იაპონიამ ასევე სწრაფად შეძლო აღდგენა დიდი სტიქიური უბედურების შემდეგაც.

7.6 მილიარდი დოლარი უკვე გადაეცა უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე ორიენტირებული დახმარების სახით. ახლახან კიდევ 4.5 მილიარდი მილიონ დოლარს დაჰპირდნენ.

ახლა იაპონია მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარს იმას, რომ უკრაინას აღდგენაში დაეხმაროს.

შიკატა ნორიუკი, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ხელმძღვანელი:

„ერთი რამ, რასაც ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, არის ის, რომ შეუპოვრობა ბევრად მეტია, ვიდრე მატერიალური სიკეთე. ეს არ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურის აღდგენა. ეს არის, ამავდროულად, მთელი საზოგადოების შეკვრა ამ საქმის გასაკეთებლად. მისი ცოდნის, სოციალური და კულტურული სისტემისა და მისი ხალხის ერთობა. ნებისმიერი აღმშენებლობისთვის უპირველესია ხალხისა და საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა“.

იაპონიის დახმარება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ერთი მათგანია ნანგრევების აღება. სხვა ქვეყნების მიმართ ეროვნული მთავრობის ოფიციალურ დახმარებას  იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) უწევს კოორდინაციას. სწორედ ამ სააგენტოს დახმარებით დაიგეგმა უკრაინის ოფიციალური დელეგაციის იაპონიაში ვიზიტი, რათა ისინი ნარჩენების მართვას უკეთ გაეცნონ.

როდესაც ტოჰოკუს რეგიონს მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა თავს, მთავრობამ სწრაფად შეიმუშავა ეროვნული სამოქმედო გეგმა.  სულ რაღაც სამ წელიწადში მათ თითქმის მთლიანად გაწმინდეს ნარჩენებისგან ტერიტორია და ნარჩენების 80 პროცენტი გადაამუშავეს, მხოლოდ 26 პროცენტი არ დაექვემდებარა გადამუშავებას.

იაპონიის ამ გამოცდილების გაზიარებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად წარმოქმნილი დიდი რაოდენობით ნანგრევებისგან ტერიტორია  გაცილებით სწრაფად და კარგად გათავისუფლდება.

ქალაქ კასივაში მდებარე კომპოზიტების საწარმოში უკრაინელ დელეგატებს შეუძლიათ გაეცნონ, თუ როგორ ამუშავებენ ინდუსტრიულ  ნარჩენებს და გაიგონ, თუ როგორია იაპონიის სტიქიის შედეგად მიღებული ნარჩენების მართვისა და სამშენებლო მასალების გადამუშავების სისტემები.

კოგა აი, JICA-ის გლობალური გარემოს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

„უკრაინაში ომის შედეგად ნანგრევების დიდი რაოდენობაა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ნანგრევების სწრაფად აღებისა და გადამუშავების ჩვენი გამოცდილება უკრაინასაც გამოადგება ამ ნანგრევების მართვაში“.

კიევისთვის დიდი პრობლემაა ნანგრევების აღება და მართვა, რადგან ნგრევა არ წყდება.

„ნარჩენების აღება და გასუფთავება მხოლოდ იმ ადგილებშია შესაძლებელია, სადაც ხალხს უსაფრთხოდ შეუძლია ყოფნა. უპირველეს ყოვლისა, ტერიტორია უნდა  გაინაღმოს, მერე ნანგრევებისგან გასუფთავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნარჩენების მართვა“, – ამბობს ილია კოსტროვი, MCTID-ის მშენებლობის ტექნიკური რეგულაციის მთავარი სპეციალისტი.

რამდენიმე იაპონური კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს უკრაინის აგრარულ, ენერგეტიკულ, მწვანე მეტალურგიისა და მშენებლობის სფეროებში, რათა ამ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას შეუწყოს ხელი.

კომპანია  IHI, რომელიც იაპონიის მძიმე ტექნიკის წარმოების სფეროს ლიდერია, მდინარე დუნაიზე გრანდიოზული დაკიდებული ხიდის აშენებას აპირებს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას რუმინეთთან დააკავშირებს. ეს ხიდი ბრეილის ხიდის მსგავსი იქნება, რომელიც ბუქარესტიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და რომელიც კომპანია IHI გასულ წელს დაასრულა.

მაცუნო კენძი, IHI Corporation-ის ბიზნესსფეროს სოციალური ინფრასტრუქტურის ვიცე-პრეზიდენტი:

„ჩვენი მიზანია, რომ გაიზარდოს უკრაინასა და ევროკავშირს შორის კავშირი. ამჟამად ევროკავშირისკენ მიმავალი მთავარი მარშრუტი პოლონეთზე გადის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალში სავაჭრო ბრუნვა გაიზრდება, კარგი იქნება ალტერნატიული გზაც არსებობდეს“.

ხიდის მშენებლობა, რომელსაც 6 წელი დასჭირდება, ომის დასრულების შემდეგ დაიწყება. იაპონია ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწვეს უკრაინას.

20 ათას უკრაინელს დასჭირდა კიდურის ამპუტაცია ომის დაწყების შემდეგ მუდმივი დაბომბვისა და ნაღმზე აფეთქების გამო. მათ დახმარებას ცდილობს ისეთი იაპონური დამწყები ბიზნესი, როგორიცაა,  კომპანია Instalimb-ი, რომელიც მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

თუმცა პრიორიტეტად მაინც ომით დაზარალებული ხალხის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია რჩება.  უკრაინაში პროთეზებზე დიდი მოთხოვნაა.  Instalimb-ი  იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და სამგანზომილებიან საბეჭდ ტექნოლოგიებს, რათა იაფი პროთეზები შექმნას.

„რადგანაც ფეხის პროთეზი თითოეული პაციენტის სამედიცინო მაჩვენებლების მიხედვით უნდა მოერგოს, მათი დიზაინი განსხვავებულია,“ – განმარტავს ტოკუსიმა იუტაკა, Instalimb, Inc.-ის ხელმძღვანელი. „თუ გვინდა ის ავტომატური იყოს, ხელოვნური ინტელექტია საჭირო. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ახალ დანადგარებს, რომლებსაც სამგანზომილებიანი საბეჭდები ეწოდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა, რადგან მათ შეუძლიათ თითოეული ადამიანის სხეულის ფორმების გათვალისიწინება, რისი წყალობითაც ფეხის პროთეზი ძალიან იაფი ჯდება“.

Instalimb-ი აპირებს, რომ უკრაინელებს ასწავლოს პროთეზების დამზადება, რათა წარმოების დრო შემცირდეს და ეფექტურობა გაიზარდოს.

მრავალ უკრაინელს, საკუთარი ქვეყნის დატოვების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს. ზოგიერთი მათგანი ემიგრაციაში იაპონიაში წავიდა, სადაც საკუთარი ცხოვრების თავიდან დაწყება შეუძლიათ.

საემიგრაციო მომსახურების სააგენტოს მიხედვით, 2500-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს ახლა იაპონიაში. იაპონიის მთავრობამ არაკომერციული ორგანიზაციების დახმარებით მათ ცხოვრების უფლება მისცა, რაც ლტოლვილებს სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობასაც აძლევს.

ირინა ბუჩიდანაა. მან უკრაინა თავის ვაჟთან ერთად ომის დაწყებისთანავე დატოვა. ერთი თვე გერმანიაში ლტოლვილთა ბანაკში გაატარა და შემდეგ იაპონიაში გადასვლა გადაწყვიტა. თავიდან ადვილი არ იყო, მაგრამ ახლა მისი ცხოვრება ბევრად უკეთესია.

ირინა ჩუმაკი, უკრაინელი ლტოლვილი:

„ენის შემსწავლელი სკოლის დიდი მადლობელი ვარ. ჯერ კარგად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ სკოლაში ძირითადი უკვე მასწავლეს. როდესაც მე და ჩემი შვილი მიევჩვიეთ აქ ცხოვრებას და აქაური ენაც ასე თუ ისე გვესმოდა, იაპონიის კულტურის შეცნობაც დავიწყეთ“.

ირინას ჩამოსვლიდან უკვე თითქმის 2 წელი გავიდა. იგი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს მასწავლებლად  ტოკიოში მოქმედ უკრაინელი ბავშვების საკვირაო სკოლაში. ეს სკოლა ასოციაცია Kraiany-ის დახმარებით გაიხსნა და მას  Nippon Foundation-ი უჭერს მხარს. ეს გახლავთ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უკრაინიდან ევაკუირებულ ხალხს უფინანსებს მგზავრობას, ცხოვრების ხარჯსა და სამეცნიერო ხარისხზე მუშაობას.

ამ ორგანიზაციის წყალობით, უკრაინელები იაპონური ენის შემსწავლელ სკოლებში დადიან და დასაქმებისთვის აუცილებელ უნარებს ეუფლებიან, რადგან მათი უმეტესობა დარჩენას აპირებს.

კამია კეიიტი,The Nippon Foundation-ის სოციალური ინოვაციების გუნდის მენეჯერი:

„2023 წლის აგვისტოში ჩავატარეთ კვლევა, რომლის ფარგლებშიც ევაკუირებულ ხალხს ვკითხეთ, სამშობლოში აპირებდნენ დაბრუნებას თუ  აქ დარჩენას. ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 74 პროცენტს დიდი ხნით უნდა იაპონიაში ცხოვრება. თანაც მათი რიცხვი გასულ წელთან შედარებით სულ უფრო იზრდება“.

სამხედრო კონფლიქტს გამოქცეული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ახალ საზოგადოებაში ინტეგრირება.  ამიტომაც  ხშირად ეწყობა უკრაინელთა კულტურის წარმომჩენი ღონისძიებები. ადგილობრივებისთვის საკუთარი კულტურისა და ტრადიციების გაზიარებით, უკრაინელები უფრო წინ წავლენ და უფრო იმედიანად შეხედავენ მომავალს, სანამ მათი სამშობლოს აღდგენას საერთაშორისო პარტნიორები შეუწყობენ ხელს.

ავტორი: ჩინცია რიცი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend