მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 9 სექტემბერს ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგა. ეს გამოსვლა წინ უძღვის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ქვეყანაში 29 სექტემბერს გაიმართება და რომელიც სანდუს თქმით გადაწყვეტს, დარჩება მოლდოვა დემოკრატიად, თუ ის ავტოკრატიად იქცევა.
მაია სანდუმ ბევრი ისაუბრა არჩევნებზე და იმაზე, თუ რა სქემებით ცდილობს რუსეთი არჩევნების გაყალბებას. მან თქვა, რომ ფრონტის ხაზი მოლდოვაში საარჩევნო ყუთებთან გადის და სწორედ ამ ყუთებთან ცდილობს რუსეთი მოლდოვის დაპყრობას.
„რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი წამოიწყო და ბრძოლის ხაზად ჩვენი არჩევნები აქცია. კრემლის მიზანი ნათელია: მოლდოვა საარჩევნო ყუთთან დაიპყროს, გამოიყენოს ის უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმის ადგილად აქციოს”, – თქვა მაია სანდუმ.
მაია სანდუმ ასევე ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მალე გაუხსნას კარი ქვეყანას და შეახსენა წევრ სახელმწიფოებს, რომ მათი დიდი ნაწილიც არასრულყოფილი დემოკრატიები იყვნენ, როცა ალიანსმა მათ დახმარების ხელი გაუწოდა.
„და თუ მოლდოვაში დღესაც მშვიდობაა, ეს უკრაინის დამსახურებაა. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის და ასევე იცავენ მოლდოვას. ჩვენ მათ მშვიდობას ვუმადლით, მაგრამ მათი თავგანწირვა ასევე შეხსენებაა იმისა, რომ მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. სწორედ ამიტომ ჩვენი ევროინტეგრაცია მხოლოდ ღირებულებების საკითხი არ არის, ეს გადარჩენის საკითხია”, – თქვა პრეზიდენტმა სანდუმ.
მაია სანდუმ ასევე განმარტა, რომ ის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს მოლდოვაში მხოლოდ რეპეტიციაა იმისა, რაც შეიძლება ევროპაში მოხდეს, რადგან „მოლდოვა შესაძლოა საცდელი პოლიგონი იყოს, თუმცა საბოლოო მიზანი ევროპაა”.
