აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 1 400-მდე გაიზარდა. დაშავებულია 3 000-ზე მეტი მოქალაქე. ჯალალაბადის რეგიონულ საავადმყოფოში ასობით მძიმედ დაშავებულია გადაყვანილი, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში მათი მკურნალობისთვის საკმარისი რესურსი არ არის.
ადგილზე ვითარებას ისიც ართულებს, რომ „თალიბანის” მმართველობაში მოსვლის შემდეგ ბევრ კლინიკას დაფინანსება შეუჩერდა და დაიხურა. რუსეთმა, რომელიც „თალიბანის” ხელისუფლებას აღიარებს, საერთაშორისო საზოგადოებას ავღანეთის დახმარებისკენ მოუწოდა.
31 აგვისტოს ღამით მომხდარმა მიწისძვრამ ავღანეთის სოფლების ნაწილი სრულად გაანადგურა. ასობით ადამიანი კი შენობების ნანგრევებში მოყვა. მათ ნაწილს სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ეძებენ.
„მე დავკარგე ოჯახის ხუთი წევრი – მშობლები, ორი შვილი და ძმისშვილი. ჩემი ოჯახის კიდევ ათი წევრის, მათ შორის ჩემი შვილების, მეუღლის, რძლისა და სხვების, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა“, – ამბობს ავღანეთის მკვიდრი, კარი ობაიდულა.
გაეროს ჰუმანიტარულმა ოფისმა გადაუდებელი დახმარების ფონდიდან ავღანეთისთვის 5 მილიონი დოლარი გამოყო. გაერო უკვე გზავნის 25-მდე შეფასებით ჯგუფს. ადგილზე იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება და პირველადი საჭიროების საშუალებები.
„ძალიან დავზარალდი. მე ფეხი მაქვს მოტეხილი, ჩემი ორი შვილი მძიმედ დაშავდა, ერთი შედარებით მსუბუქად. მეუღლე უვნებლად გადარჩა, თუმცა დავკარგეთ მთელი ჩვენი ცხოვრება და საარსებო წყარო… ყველაფერი განადგურდა“, – ამბობს დამანგრეველი მიწისძვრას გადარჩენილი მაჰმუდ ხანი.
ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები ამბობენ, რომ ახლა ავღანელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: დროებითი თავშესაფრები, სამედიცინო ცენტრები, სასმელი წყალი და საკვები.
დიდმა ბრიტანეთმა 1.3 მილიონი დოლარი უკვე გამოყო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, ხოლო ევროკავშირი სასწრაფო დახმარების ტვირთსა და 1.16 მილიონ დოლარს აგზავნის მიწისძვრით განადგურებულ ქვეყანაში. დახმარებისთვის მზაობა გამოთქვეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ინდოეთმა და ჩინეთმა.