მთავარიაზიაღაზაქალაქ ღაზის საზღვრებთან ისრაელის სამხედრო ტექნიკის მობილიზაციაა

ქალაქ ღაზის საზღვრებთან ისრაელის სამხედრო ტექნიკის მობილიზაციაა

ქალაქ ღაზის საზღვრებთან ისრაელის სამხედრო ტექნიკის მობილიზაციაა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაციმ განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“ არ დაემორჩილება ისრაელის მოთხოვნებს, ღაზის უდიდესი ქალაქი შეიძლება გაანადგურონ.

კიდევ უფრო ადრე,  ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა,  რომ  სამხედროებს უფლებას მისცემს, ქალაქი ღაზა აიღონ.

ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ისრაელის მთავარი მოთხოვნებია: ყველა მძევლის უსაფრთხოდ გათავისუფლება და „ჰამასის“ სრული განიარაღება.

თავად დაჯგუფება თანახმაა, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ, ტყვეები გაათავისუფლოს, მაგრამ უარყოფს განიარაღებას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე.

ისრაელი აცხადებს, რომ ქალაქი ღაზა კვლავ „ჰამასის“ დასაყრდენია, მებრძოლები აქ გვირაბების ქსელის საშუალებით ახერხებენ გადაადგილებას.

ოპერაცია ქალაქ ღაზაში კიდევ უფრო გაართულებს იმ ჰუმანიტარულ კატასრტოფას, რომლის წინაშე ახლა სექტორში მცხოვრები პალესტინელები დგანან.

ქალაქში ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთაგან ზოგიერთი მშვიდობის საძიებლად სხვა ადგილებიდან ჩავიდა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრელის სამხედრო ოპერაციებს სექტორში 60 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. მათ შორის ძალიან ბევრი ბავშვი და ქალია.

სამხედრო მოქმედებების დაწყება ქალაქ ღაზაში კი ბევრს აშინებს, რომ კიდევ უფრო მეტ ნგრევას, შიმშილსა და სიკვდილს მოიტანს, რადგან პალესტინელი მოქალაქეებისთვის ფაქტობრივად არ რჩება უსაფრთხო ადგილი, სადაც თავს შეაფარებენ.

ამის დასტურია დღეს ისრაელის თავდასხმა ხან უნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოზე, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვრცელდება ცნობები ჟურნალისტების, ექიმებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლების დაღუპვის შესახებ.

ამ ფონზე კი საერთაშორისო საზოგადოებაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ისრაელი ახლა უკვე ქალაქ ღაზაში გეგმავს.

ოპერაციის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისრაელელი სამხედროები ქალაქში შესაძლოა უახლოეს დღეებში შევიდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend