მთავარიგადაცემებიGlobal Japanკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალი მეთოდი იაპონიაში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალი მეთოდი იაპონიაში

იაპონიაში სამგანზომილებიანი სკანირების ტექნოლოგიისა და დურგლობის ძველთაძველი ოსტატობის კომბინაციის მეშვეობით კულტურულ ძეგლებს კლიმატის ცვლილებისგან, მიწისძვრებისა და ნესტისაგან იცავენ. ამ მეთოდით ისტორიულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ეიჰეიძის ტაძრით დაიწყეს ფუკუის პრეფექტურაში.

ეიჰეიძის ტაძარი 1244 წელს ბუდისტმა მეცნიერმა დოგენმა დააარსა. ტაძრის სახელი ითარგმნება, როგორც „საუკუნო მშვიდობის ტაძარი.“ თუმცა ეს მშვიდობა  800 წლის განმავლობაში რვაჯერ დაარღვია დიდმა ხანძარმა, ახლა კი კლიმატის ცვლილების გამო ექსტრემალური ამინდის ალბათობის რისკი იზრდება, როგორც ბერი ჯუნდო იშიდა გვიხსნის .

იშიდა ჯუნდო, ეიჰეიძის ტაძრის მამულის მენეჯერი:

„აქ თოვლის მოსვლა ბუნებრივი ამბავია და ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან მაფიქრებს კლდეების ჩამოშლის საფრთხე. გვადარდებს მეწყრის რისკიც. კიდევ ერთი პრობლემაა მომატებული ნესტი და ძალიან მადარდებს, მაინც როგორ აისახება ეს შენობებზე“.

ყველა ამ საფრთხის გამო ტაძრის ციფრული ასლის შექმნა გადაწყდა. ამ იდეას რომ ხორცი შეასხან, დურგლობის ოსტატები ლაზერებით ასკანერებენ თითოეული შენობის ხის რთულ სტრუქტურას. სკანირება ძირითადად სხვენსა და საძირკველში ხდება, სადაც საუკუნოვანი, ხელით ნაშენი ხის კუთხეების ასლს იღებენ.

უნეო ტაკუ, დურგლობის ოსტატი და  კომპანია T&I 3D Co-ის ხელმძღვანელი:

“ხის კონსტრუქციის პრობლემა მისი დაფარული ადგილებია, აქ არის როგორც ღია და მყარი გადაბმის ადგილები, ისე  თვალით შეუმჩნეველი გადაბმის დეტალებიც, რომლებიც განთავსებულია სხვენში ან იატაკის ქვეშ. ასეთი ადგილების სკანირება გვეხმარება, რომ აღვადგინოთ ისინი და სანდო გათვლები გავაკეთოთ. ჩვენი სპეციალობა ასეთი ადგილების სკანირებაა“.

ღრუბლის მონაცემთა ბაზაში შენახული ციფრული ასლი იმდენად ზუსტია და  ხის დეტალების ზომები იმდენად სრულყოფილი, რომ თუ საჭირო გახდა, მათი აღდგენა სულ ადვილად შეიძლება.

იკეუჩი ტაკუმი, დიზაინის განყოფილების მენეჯერი, კომპანია SHIMIZU CORPORATION:

“ციფრული ტექნოლოგიის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ ღრუბლის სისტემის მეშვეობით ხდება სკანირება, რაც საშუალებას გაძლევს, აიღო ზუსტი ზომები, რათა უმცირესი დეფორმაციაც არ გამოგრჩეს. თუ ადგილზე ზომა შეგეშალა, შეგიძლია იგივე ადგილი კომპიუტერში ნახო, ხელახლა გაზომო და გაიგო, რამდენად სერიოზულია დეფორმაცია“.

იაპონიის ფუკუისა და ჰოკურიკუს რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანი მიწისძვრის ფაქტორზე ყურადღების გამახვილებაა. მიწისქვეშა რხევები აქ ხშირია, 2024 წლის იანვარში კი ჰოკურიკუ ძლიერმა მიწისძვრამ გაანადგურა. დაზიანებულ შენობებს შორის აღმოჩნდა კანაძავის ციხესიმაგრეც, რომლის ხუთი უძველესი კედელიც ნაწილობრივ ჩამოიშალა. დღეს ექსპერტები ზედმიწევნით ზომავენ ნანგრევებს და სანამ სტრუქტურის აღდგენას დაიწყებენ, სამგანზომილებიან სკანირებას უტარებენ თითოეულ ქვას. მე-19 საუკუნის დროინდელი იარაღის საცავის კედლები მიწისძვრამ დაბზარა და ახლა ოსტატები მის აღდგენას ცდილობენ.  ამისთვის იაპონურ ტრადიციულ სამშენებლო მასალას, ე.წ. არაკაბეს, ბრინჯის ნამჯით გაზავებულ მიწას იყენებენ.

მაცუი ჰიტოში, მებათქაშე, ISURUGI CORP:

“ეს კედელი მოქსოვილია ბამბუკისა და ჩალის ღეროებით. შემდეგ მას ე.წ. არაკაბეთი (Arakabe) ვავსებთ. როდესაც ეს მასა გაშრება, კედელს კიდევ ოთხმაგ ან ხუთმაგ ფენას ვამატებთ სიმტკიცისთვის. და ბოლოს ბათქაშით ვაპირკეთებთ“.

ეს უძველესი სამშენებლო მეთოდი მრავალმხრივ სასარგებლოა: ის აქრობს ცუდ სუნს, უძლებს ნესტს და ხანძარს.

ეიჰეიძის ტაძარზე მომუშავე სპეციალისტთა გუნდი გეგმავს, რომ ციფრული ასლის ტექნოლოგია მთელ მსოფლიოში გაავრცელოს ისტორიული ძეგლების დასაცავად. ეს რომ გამოვიდეს, აუცილებელია ძეგლების მცველებთან ისეთივე მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც, მაგალითად, ბუდისტ ბერებთან აქვთ.

იკეუჩი ტაკუმი, დიზაინის განყოფილების მენეჯერი, SHIMIZU CORPORATION

” უნდა გავიაზროთ კულტურული მემკვიდრეობის ადგილის მნიშვნელობა, სანამ მასზე ერთობლივ მუშაობას შევუდგებით,“- ამბობსიკეუჩი ტაკუმი, SHIMIZU CORPORATION-ის დიზაინის განყოფილების მენეჯერი. „არ შეგვიძლია, რომ უბრალოდ მივიდეთ და საქმე დამოუკიდებლად დავიწყოთ. უნდა ვითანამშრომლოთ ისტორიკოსებთან და არქიტექტორებთან, რათა ჩავწვდეთ მნიშვნელოვან დეტალებს, სხვაგვარად ვერ შევიგრძნობთ ამა თუ იმ ადგილის ჭეშმარიტ მნიშვნელობას“.

ბერები ციფრული ასლის პროექტს უყურებენ, როგორც შესაძლებლობას, რათა მშვიდობის სურვილი რაც შეიძლება შორს გაავრცელონ.

“თუკი ხალხი ნახავს ჩვენ მიერ შექმნილ ციფრულ ასლს და მოინდომებს, ადგილზე მოინახულის ეიჰეიძის ტაძარი, თუკი ასლი ამის სურვილს გაუჩენს ვინმეს, ძალიან მადლიერები ვიქნებით“, – გვიხსნის იშიდა ჯუნდო.

ავტორი: ჯერემი უილკსი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:04:35
spot_imgspot_img
Send this to a friend