ბოსნია-ჰერცოგოვინაში, სარაევოს მახლობლად მდებარე საშუალო სიმაღლის მთის კურორტები, რომლებიც ტრადიციულად ზამთრის სპორტზე არიან დამოკიდებული, ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად გადადიან ზაფხულის ტურიზმზე.
„ადრე თოვლზე ვიყავით დამოკიდებული, მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ თოვლი, სავარაუდოდ, 2500 მეტრზე მაღლა მოვა და ჩვენ მთებს უბრალოდ სიმაღლე არ ჰყოფნის. მაგალითად, ბიელაშნიცაში ყოველ ზამთარს არ ვართ დარწმუნებული, საკმარისი თოვლი იქნება თუ არა“, – ამბობს ჰარის ფაზლაგიჩი, სარაევოს ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტი.
ფაზლაგიჩს მიაჩნია, რომ ზაფხულის შეთავაზებების გაფართოებით, მთის კურორტებს შეუძლიათ ტურისტების მოზიდვა ხორვატიისა და მონტენეგროს ადრიატიკის სანაპიროებიდან. მან თქვა, რომ ეს ტერიტორიები არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს მიმზიდველი, რაც „ტურიზმის მომავალია“, თუმცა ასევე დასძინა, რომ ეს გრძელვადიანი სტრატეგიაა.
„ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, ველით ინვესტიციების ზრდას სოფლის ტურიზმში, მთის ტურიზმში, გარე ტურიზმში, რაც სარაევოს რეგიონისთვის რეალური პერსპექტივაა“, – ამბობს ჰარის ფაზლაგიჩი, სარაევოს ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტი.
2017 წლიდან, რამდენიმე მცირეთოვლიანი ზამთრის შემდეგ სარაევოს მახლობლად მდებარე იაჰორინასა და ბიელაშნიცას მთებზე, ზაფხულის თვეებში ხელმისაწვდომი აქტივობების სპექტრის გაფართოება დაიწყეს.
ამ მთებმა 1984 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლეს. მათი სიმაღლე ზღვის დონიდან 1906 და 2067 მეტრია.
ახლა ისინი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ სათხილამურო საბაგიროებით. ზაფხულობით აქ ტურისტები თვალწარმტაცი ხედებით ტკბებიან. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველ სეზონზე ამატებს ახალ საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკებს.
ამ ტერიტორიებზე ზაფხულში ტემპერატურა 24-დან 30 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. ასეთი ამინდი ტურისტებს ძალიან იზიდავს. იმის ფონზე როცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სანაპირო რეგიონებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტემპერატურა ხშირად 40 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
„ზაფხულის სეზონი ძალიან კარგად მიმდინარეობს. სათხილამურო სეზონი თოვლის ნაკლებობის გამო უღიმღამო იყო, თუმცა ჯერჯერობით ზღაპრული ზაფხული გვაქვს“, – ამბობს ვასილიე კნეზევიჩი, კვადროტურების ლიდერი.
„სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ზაფხულის არდადეგების მთაში გატარებას, რადგან მთაში წასვლა ზღვისპირა დასვენების ერთ-ერთ ყველაზე კარგ ალტერნატივად იქცა. სარაევოსა და სხვა ახლომდებარე ქალაქების მაცხოვრებლებისთვის ეს ადგილი გაცილებით ახლოსაა მათ სახლებთან. აქაურობა ულამაზესია, ჩვენ ნამდვილად სასიამოვნო დროს ვატარებთ“, – ამბობს ჰარისა ბეჩიროვიჩი, ვიზიტორი ბოსნიის ქალაქ ვისოკოდან.
სარაევოდან სულ რაღაც ხუთი საათის სავალზე, ხორვატიაში მდებარე უძველეს ქალაქ დუბროვნიკში, უამრავი ტურისტია.
ბოსნიელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ვიზიტორების გაზრდას ცდილობენ, დუბროვნიკის ტურიზმის ორგანოები ორიენტირებული არიან ხალხმრავლობის მართვასა და ქალაქში საკრუიზო გემებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის შეზღუდვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ბოსნიასა და ხორვატიას ტურისტული სტრატეგიების განსხვავებული მიმართულებისკენ უბიძგებს, ორივე ქვეყანას საერთო მიზანი აქვს: „სეზონის გახანგრძლივება“ და „მთელი წლის განმავლობაში ტურისტული დანიშნულების ადგილის“ ჩამოყალიბება.