პაკისტანში გადაუღებელ მუსონურ წვიმებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში 178 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, წელს ივლისში ნალექი 82%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს, რაც წყალდიდობებსა და მეწყრების რისკს ზრდის. ყველაზე რთული ვითარება პენჯაბის პროვინციაშია, სადაც უხვმა ნალექმა ნორმას 124%-ით გადააჭარბა.
წყლის მასებმა დატბორა ქალაქები ლაჰორი და რავალპინდი, ზოგიერთ სოფელში კი მოსახლეობის ნავებით ევაკუაცია გახდა საჭირო.
პაკისტანის მთავრობამ ტურისტები გააფრთხილა და მოუწოდა, თავი შეიკავონ მაღალრისკიან რეგიონებში მგზავრობისგან. სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ პაკისტანში 2022 წლის მასშტაბის წყალდიდობის გამეორებას, რომელმაც ქვეყნის მესამედი დატბორა და 1,700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.