24 მაისს პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ კვეტაში, სამგზავრო მატარებელთან ახლოს, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს ააფეთქა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.
აფეთქების სიძლიერემ ორი ვაგონი გადააბრუნა, შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ხანძარი. შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.
თავდასხმა იმ ადგილას მოხდა, რომელსაც უსაფრთხოების ძალები იყნებენ. დაზიანდა რამდენიმე ახლომდებარე შენობა და გზის გასწვრივ გაჩერებული მანქანები.
„ყველას გვეძინა, რადგან დღეს დღესასწაულია. უცებ რაღაც მოხდა, თითქოს უბედურება დატრიალდა. ვერც გავიგე, რა ხდებოდა. ფანჯრის მინები ყველგან ჩამსხვრეული იყო. შოკირებული ვიყავი და არც ვიცოდი, რა მექნა“. - განაცხადა მატარებლის მგზავრმა, მუჰამედ ასიდმა.
ნავთობითა და მინერალებით მდიდარი კვეტა ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქია, სადაც ხშირად ხდება შეტაკებები ამბოხებულებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის.
ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმზე პასუხისმგებლობა კანონგარეშედ აღიარებულმა ბელუჯების განმათავისუფლებელმა არმიამ აიღო, რომელიც პაკისტანის ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს.
მებრძოლმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მისი სამიზნე უსაფრთხოების პერსონალის გადამყვანი მატარებელი იყო.
ადელ ნასირი, კვეტის მკვიდრი:
„დღეს დილით, იმ დროს, როდესაც აქ მატარებელი გადიოდა, აფეთქება მოხდა, რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს დაზაინდა ყველა სახლი და აქ გაჩერებული მანქანები. დაახლოებით 50-60 მათგანი დაიწვა. ეს შენობაც ძლიერ დაზიანდა. აფეთქების შედეგად ბევრი სახლი განადგურდა.“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ადელ ნასირი.
„საშინელი სცენა იყო, 64 წლის ვარ და ამ ხნის განმავლობაში მსგავსი რამ არასდროს მინახავს. 40 წელი ვიმუშავე და 60 წლის ასაკში პენსიაზე გავედი. მთავრობისგან მიღებული თანხა ჩემი სახლის აშენებაში ჩავდე. ახლა წარმოიდგინეთ ჩემი სიტუაცია. საიდან მოვიტან ახლა ამ ფულს? ყველაზე მეტად იმაზე ვშფოთავ, რომ დაღუპულებს არასდროს ექნებათ კომპენსაცია, ან რას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ასე მძიმედ დაზარალდნენ”. - ამბობს ადგილობრივი, მუჰამედ იაკუბი.
პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდასხმას „ტერორისტული აქტი“ უწოდა და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმაც დაგმო აფეთქება. მისი თქმით, მებრძოლები და მათი მხარდამჭერები ცდილობენ, დააკნინონ პაკისტანის როლი რეგიონულ და საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევაში.
ზარდარიმ პირობა დადო, რომ პაკისტანი დაამარცხებს ტერორისტებს, მათ ხელშემწყობებს, დამფინანსებლებს და მათ, ვინც მათ უსაფრთხო თავშესაფრებს სთავაზობს.
