პაკისტანში მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ბანუს რაიონში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი პოლიციის განყოფილებას შეაჯახა.
ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის, რაფი ულაჰის ინფორმაციით, თავდასხმას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
„დოქტორი ნაქიბულა, მისი მეუღლე და სამი შვილი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. პოლიციის განყოფილების მიმდებარე შენობაც ძლიერ დაზიანდა. განადგურდა ოთახები, სახურავები, კარები და კედლები. დაზიანდა ჩემი ოფისიც, რომელიც ამ ადგილთან ახლოს მდებარეობს“ - განაცხადა პაკისტანში მცხოვრებმა შარიფულა ხანმა.
პაკისტანი ხშირად ადანაშაულებს ავღანეთს იმაში, რომ თავშესაფარს აძლევს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც პაკისტანში თავდასხმებს უწევენ ორგანიზებას.
„ინციდენტი გუშინ ღამით, ბანუს ქალაქის დომაილის ტეჰსილში მოხდა. შედეგად, ჩვენს საავადმყოფოში 19 დაშავებული და 5 გარდაცვლილი გადმოიყვანეს. დაშავებულებს დახმარება გადაუდებელ განყოფილებაში აღმოუჩინეს“ - განაცხადა პაკისტანში საავადმყოფოს წარმომადგენელმა მუჰამედ ნომანმა.
ავღანეთის ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე ოფიციალურად არავის აუღია.
