კატეგორიები

ტრამპი რუსეთს მკაცრი ტარიფებით ემუქრება, თუ 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმება არ შედგა

ტრამპი რუსეთს მკაცრი ტარიფებით ემუქრება, თუ 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმება არ შედგა

დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შეთანხმებას მომდევნო 50 დღის განმავლობაში ვერ მიაღწევს, იგი მოსკოვს მკაცრ სანქციებს დაუწესებს.

„დღეს აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ძალიან უკმაყოფილოები ვართ – მე ძალიან უკმაყოფილო ვარ რუსეთით. ამას სხვა დროს განვიხილავთ. თუმცა, ჩვენ ძალიან, ძალიან უკმაყოფილოები ვართ მათით და ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ტარიფები იქნება 100%-იანი. ამას მეორად ტარიფებს ვუწოდებთ.

როგორც იცით, რუსეთ-უკრაინასთან ომში დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ და გვსურს, რომ ეს დასრულდეს. ეს ჩემი ომი არ არის. ეს ბაიდენის ომია. მე ვცდილობ, რომ ამ ომიდან გამოგიყვანოთ. მე იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. ორი თვის წინ მეგონა, რომ შეთანხმებას მივაღწევდით, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე ბოლომდე არ მიდის. ამიტომ, ამის გათვალისწინებით, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მეორად ტარიფებს დავაწესებთ. ეს ძალიან მარტივია. ისინი 100-პროცენტიანი იქნება. ასეა საქმე. იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწევს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გაგზავნის შესახებაც, რომლის საფასურსაც მისივე თქმით, არა აშშ არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ევროპული სახელმწიფოები გადაიხდიან.

„ჩვენ ვაწარმოებთ საუკეთესო აღჭურვილობას, საუკეთესო რაკეტებს, ყველაფერს საუკეთესოს. ევროპულებმა ეს იციან. დღეს ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უკრაინას იარაღს გავუგზავნით და საფასურს ევროპელები გადაიხდიან. შეერთებული შტატები არაფერს გადაიხდის. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვაპირებთ უმაღლესი დონის იარაღის დამზადებას და მათ ნატოში გაგზავნას“, – განმარტა დონალდ ტრამპმა.

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, დონალდ ტრამპის წინადადებამ მკაცრი სანქციებისა და უკრაინისთვის უმაღლესი ხარისხის იარაღის გადაცემის შესახებ, ვლადიმერ პუტინი უნდა აიძულოს, სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხს მეტი სერიოზულობით შეხედოს.

რუტეს თქმით, უკრაინა მიიღებს „უზარმაზარ სამხედრო აღჭურვილობას“, მათ შორის რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას.

„სიჩქარე აქ არსებითია“, – თქვა რუტემ და აღნიშნა, რომ მიზანი სწრაფი მოქმედებაა.

რუტეს თქმით, მყიდველებს შორის იქნებიან გერმანია, ფინეთი, კანადა, ნორვეგია, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და დანია, რომლებიც უკრაინის მომარაგებას უზრუნველყოფენ.

„ეს, მართლაც, ძალიან დიდი ამბავია. თქვენ ხუთშაბათს დამირეკეთ და მითხარით, რომ გადაწყვეტილება მიიღეთ. გადაწყვეტილება კი ასეთია: თქვენ გსურთ, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება, რათა შეძლოს რუსეთისგან თავის დაცვა. ეს ეფუძნება ნატოს სამიტზე მიღწეულ უზარმაზარ წარმატებას, თავდაცვის ხარჯების წილის 5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებას, ასევე უკრაინის სიძლიერის შენარჩუნებისა და ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული წარმოების გაზრდის გადაწყვეტილებას. ეს ევროპის წარმატებაა. მე ბევრ ქვეყანასთან მქონდა კონტაქტი. შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისთვის გერმანიას, ასევე ფინეთს, დანიას, შვედეთსა და ნორვეგიას, ისევე როგორც ნიდერლანდებსა და კანადას – სურთ ამის ნაწილი გახდნენ. ეს მხოლოდ პირველი ტალღაა. კიდევ ბევრი დაემატება.

უკრაინა შეძლებს, მოიპოვოს უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, როგორც საჰაერო თავდაცვისთვის, ასევე რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალისთვის და ა.შ. ასე რომ, დღეს ვლადიმერ პუტინის ადგილას რომ ვიყო და თქვენს განცხადებას ვისმენდე იმის თაობაზე, თუ რას აპირებთ 50 დღეში, უკრაინასთან მოლაპარაკებების საკითხს უფრო სერიოზულად მივუდგებოდი. რაც შეეხება უკრაინას, ეს მათთვის შესანიშნავი ამბავია“, – განაცხადა მარკ რუტემ.

Related news
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია` დაიწყო პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია
სხვა ამბები