მთავარიმსოფლიო„მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია” - კიშინიოვში მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამიტი მიმდინარეობს

„მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია” – კიშინიოვში მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამიტი მიმდინარეობს

კიშინიოვში მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამიტი იმართება, რომლითაც ბრიუსელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ.

ქვეყნის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ ევროსტრუქტურების ლიდერები და მათ შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. „მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია” – აღნიშნეს მათ სამიტის დაწყებამდე. სტუმრებს პირადად მასპინძლობს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

„მოლდოველების სახელით მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის, ევროკავშირის ქვეყნების იმ საერთო გზავნილის ჩამოტანისთვის, რომ მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია. ეს მომავალი კი არაა ხელმიუწვდომელი ოცნება, არამედ დღითიდღე ვმუშაობთ საერთო ძალისხმევით ამ მიზნის განსახორციელებლად, რომ გვქონდეს მშვიდობა, შესაძლებლობები და სხვა სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს  აქვთ. მშვიდობა ევროპული გზის ფუნდამენტია და ჩვენ სწორედ ახლა განვსაზღვრავთ ევროპულ მომავალს, მათ შორის ამ სამიტის გზით. რაც რეგულარულ პლატფორმად იქცევა. სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა რაც მთავარია, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ”, – მიმართა სტუმრებს პრეზიდენტმა სანდუმ.

ერთობლივი სამიტის შემდეგ მიიღებენ დეკლარაციას, რომელიც მთავარ აქცენტს გააკეთებს დემოკრატიული განვითარების აუცილებლობასა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებაზე. განხილვის თემა იქნება რუსეთის ჰიბრიდული ომიც, რომელიც კრემლმა მოლდოვის წინააღმდეგ, უკრაინაში წამოწყებული აგრესიის პარალელურად, გააძლიერა.

„გასულ კვირას ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა მოლდოვას ევროპული გზის მიმართ. ამ გზაზე თქვენს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები და ასეც გაგრძელდება. ეს კი გულისხმობს სამუშაო ადგილებს, ბიზნესშესაძლებლობებს, უკეთეს საცხოვრებელ სტანდარტებს, ეკონომიკის უნარების გაუმჯობესებას და გზას მსოფლიოს ყველაზე დიდ ერთიან ბაზარზე. ჩვენ აქ ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა და მოგცეთ თავდაჯერება ამ გზაზე”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.

„დღეს ჩვენ 27 ქვეყნის სახელით ჩამოგიტანეთ მკაფიო გზავნილი, რომ მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია. თქვენ აჩვენეთ წარმოუდგენელი გამბედაობა და სიმტკიცე, ეს მოხდა მაშინაც, როდესაც მოლდოვის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მოლდოვის ევროპული გზის კონსტიტუციაში ჩაწერას, მოლდოვას აქვს ისტორიული შესაძლებლობა პროგრესისთვის და ვიმედოვნებთ სწრაფად გავხსნათ ყველა შესაძლებლობა ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნის გზაზე.

როდესაც მოლდოვა შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით უფრო უსაფრთხო, მედეგი და ერთიანი. გასულ წელს დავამტკიცეთ 1.9-მილიარდიანი გეგმა და თქვენ, მართლაც, ბევრი იშრომეთ. მაქვს კარგი სიახლე, შემიძლია დაგიდასტუროთ ახალი, 270 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფა მოლდოვისთვის, სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი ოცნება რეალობად იქცეს”, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend