საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ის უკვე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს. დღეს, 30 ივნისს, კი კალასმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „ევროკავშირი და სომხეთი არასოდეს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა”. მან ხაზი გაუსვა სომხეთში ბოლო წლებში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა სომხეთთან.
✍🏻 FM @AraratMirzoyan & HR/VP @kajakallas signed the Agreement between 🇦🇲&🇪🇺 establishing a Framework for the Participation of the Republic of #Armenia in #EuropeanUnion Crisis Management Operations. pic.twitter.com/0s2vV5XGz0
— Ani Badalyan, 🇦🇲 MFA Spokesperson (@ArmSpoxMFA) June 30, 2025
„ევროკავშირი და სომხეთი არასოდეს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომლებიც განსაზღვრავს ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრიორიტეტებს. ამის მხარდასაჭერად ევროკავშირი სომხეთისთვის 2024-2027 წლების განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს კი უზრუნველყოფს ბიზნესის მხარდაჭერას და გააუმჯობესებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას, მათ შორის ხელს შეუწყობს ახალი რეფორმების გატარებასაც“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. მან განაცხადა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით დადებითი მოლოდინი აქვს.
„ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო. ამ შესაძლებლობით მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამებისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, სომხეთმა ამ წელს მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ ამ გეგმის განხორციელების შემდგომი რეალისტური ნაბიჯები. ჩვენ ასევე განვიხილეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რაც, ჩვენი აზრით, საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენი მოქალაქეების ევროკავშირთან დასაახლოებლად. ველით ხელშესახებ შედეგებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
კაია კალასის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. კითხვაზე, რას ნიშნავს ფაქტი, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სომხეთშია მაშინ, როდესაც საქართველოში აღარ იმართება ოფიციალური ვიზიტები, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით, მოწინავე ადგილზეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
.
„საქართველო არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით არის ლიდერი დემოკრატიის თვალსაზრისით. თქვენ ხედავთ კატასტროფული მდგომარეობაა მთლიანად ევროპის მასშტაბით. არამარტო რეგიონში ევროპის მასშტაბით დემოკრატიის კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი და მოწინავე ქვეყანა. ეს არის რეალობა, დანარჩენი, რაც შეეხება ევროპის პრობლემებს, ბუნებრივია, ამას თავად ევროპამ უნდა მიხედოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.