მთავარიმსოფლიოაშშ ირანის ბირთვულ ობიექტებს ანადგურებს - თეირანი ამბობს, რომ „ომი ახლა იწყება”

აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებს ანადგურებს – თეირანი ამბობს, რომ „ომი ახლა იწყება”

„ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები სრულად განადგურებულია”, – ამ სიტყვებით ამერიკელებს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ მიმართა, რაც 22 ივნისს, გამთენიისას აშშ-ის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე: ფორდოუზე, ნატანზსა და ესფაჰანზე.

ამგვარად, ვაშინგტონი შეუერთდა ისრაელის სამხედრო მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებას.

თანამგზავრით გადაღებულ ფოტოზე ჩანს ფორდოუს ურანის მწარმოებელი ქარხანა, ირანი, 24 იანვარი, 2025 წელი Copyright Wood, Stephen/Satellite image ©2025 Maxar Technologies

შეერთებულ შტატებში ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ისრაელმა მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის თავდაცვის სისტემები.

„ან იქნება მშვიდობა, ან ტრაგედია ირანისთვის, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, კიდევ ბევრი სამიზნე დარჩა. დღევანდელი დღე უდავოდ ყველაზე რთული და საბედისწერო იყო, მაგრამ თუ მშვიდობა სწრაფად არ დამყარდა, ჩვენ სხვა სამიზნეებსაც სწრაფად და ზუსტად დავესხმებით თავს. მათი უმრავლესობა რამდენიმე წუთში განადგურდება. მსოფლიოში არაა სამხედრო ძალა, რომელსაც შეეძლო ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ამასთან ახლოსაც კი არავინაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ომი ახლა იწყება” – ასე გამოეხმაურნენ დონალდ ტრამპის განცხადებებს თეირანიდან. თავდასხმიდან მალევე ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ეს სიტყვები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. რამდენიმე საათის განმავლობაში ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების მიერ განცხადებები არ გაკეთებულა. სახელმწიფო ტელევიზიამ კი ირანის მოსახლეობას მომხდარის შესახებ ასე აუწყა.

„დღეს გამთენიისას ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე, ფორდოუში, ნატანზსა და ესფაჰანში, ისლამური ირანის მტრები თავს დაგვესხნენ. ესაა ბარბაროსული ნაბიჯი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის რეგულაციებს, განსაკუთრებით კი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას და სამწუხაროდ, ეს უკანონო ნაბიჯი გადაიდგა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გულგრილობისა და თანამონაწილეობის ფონზე“.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ უპასუხებს ირანი შტატების ომში ჩარევას. ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი რამდენიმე დღის წინ აფრთხილებდა ვაშინგტონს, რომ თავდასხმა ირანზე მათ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა. თუმცა ისრაელის მიმართულებით ირანმა უკვე გაუშვა რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა, რომელთა უმრავლესობაც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ხოლო თელ-ავივში ერთმა ბალისტიკურმა რაკეტამ რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დააზიანა.

პარასკევს დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი, რომ ნებისმიერი თავდასხმა ამერიკულ ჯარზე მოიტანს ძალიან დიდ ტრაგედიას ირანისათვის.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend