მთავარისაქართველოევროკავშირის მხარდაჭერით - როცა პროექტები ცვლიან ცხოვრებას

ევროკავშირის მხარდაჭერით – როცა პროექტები ცვლიან ცხოვრებას

„მე სანამ აქ მოვიდოდი, მარტო ცხოვრებას ვეწეოდი, სახლში მარტო ვცხოვრობ და თითქოს უხალისო იყო ცხოვრება“.

სივრცე, რომელმაც 72 წლის ეთერ მუჯირიშვილს ცხოვრების ხალისი შემატა, დმანისის მხარდაჭერის სახლია. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ხანდაზმულთა უმრავლესობა საქართველოში სოციალურ და ემოციურ მარტოობას განიცდის. მარტოობაზე საუბრობს ეთერ მუჯირიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ დღის ცენტრმა მისი და დმანისში მცხოვრები სხვა ხანდაზმულების ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა.

„არ მინდა, რომ მოწყვეტილი ვიყო სამყაროს. აქ იმიტომ მოვდივარ, რომ სოფელში მარტო ვარ. მართალია, იქ შრომა არ მაკლია, შრომატევადია სოფელში ცხოვრება, მაგრამ ამ შრომას ხომ ადამიანებთან სიახლოვეც უნდა ერთოდეს. ადამიანებთან აზრების გაზიარება გინდა. მარტო ყოველთვის ძნელია ცხოვრება და მით უმეტეს ჩვენს ასაკში“, – ამბობს ეთერ მუჯირიშვილი.

დღის ცენტრის ბენეფიციარების ყოველდღიურობა კიდევ უფრო გაახალისა ახალმა სოციალურმა სერვისმა, სახელწოდებით „თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“. პროექტმა ერთმანეთს ახალგაზრდები და ხანდაზმულები დააკავშირა. ამ ცენტრში ბევრი ყოფილი პედაგოგია და ისინი მოსწავლეებს სკოლის დავალებების მომზადებაში ეხმარებიან. ახალგაზრდები კი ხანდაზმულებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან.

ხანდაზმულთა დღის ცენტრი არ არის ერთადერთი, რომელიც დმანისში ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტში  ასევე დაფუძნდა პირველი დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

„ევროპის ფონდის დაფინანსებით ჩვენ გვქონდა საშუალება რომ გვეწარმოებინა მცირემასშტაბიანი კვლევა დმანისის თემში შშმ ბავშვების მშობლებთან და გაერკვია ის პრიორიტეტები, რა სჭირდებოდა ამ ოჯახებს. ძალიან ბევრმა ოჯახმა ახსენა დღის ცენტრის საჭიროება თვითონ მუნიციპალიტეტში“, – გვიყვება მაია ბიბილეიშვილი, ა/ო „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ თავმჯდომარე.

შენობა დღის ცენტრისთვის ორგანიზაციას მუნიციპალიტეტმა გადასცა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში კი გარემონტდა სივრცე, ორგანიზაციამ შეიძინა შესაბამისი ინვენტარი და ავეჯი, ასევე შეარჩია და გადაამზადა პერსონალი და სპეციალისტები. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მათი უნარების გასაუმჯობესებლად ფსიქოლოგები, თერაპევტები და პედაგოგები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. 

„მინდა აღვნიშნო ასევე ევროკავშირის როლი და მნიშვნელობა ბევრი ასეთი პროექტის განხორციელებაში, რომლებმაც მართლა ხელი შეუწყო სხვადასხვა სოციალური პროგრამების განვითარებას და დღევანდელ დღეს რადიკალურად არის, მართლაც, შეცვლილი შშმ ბავშვებისთვის პროგრამებსა და თუნდაც, განათლებაზე ხელმისაწვდომობა“, – ამატებს მაია ბიბილეიშვილი.

მართლაც, ევროკავშირს ამ პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ორგანიზაცია „სენმა“ 2022 წელს ქვემო ქართლში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში შეირჩა და დაფინანსდა ექვსი პროექტი, რომელთა მიზანია  სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესება.

ამ პროექტის დამსახურებით მალე თეთრიწყაროში ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

„ეს არის ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების მხარდაჭერის პროგრამა. ცენტრი გათვლილია 20 ბავშვზე, მიმდინარეობს უკვე მომწოდებლად რეგისტრაცია. მთავარი, რაც გავაკეთეთ ამ პროექტის ფარგლებში, მოვაწყვეთ სივრცე, როგორც ადმინისტრაციისთვის, ასევე ამ ბავშვებისთვის, სადაც განავითარებენ იმ უნარებს, რომლებიც განვითარების შეფერხების დროს გარკვეულ ჩარევას საჭიროებენ. ასევე გადავამზადეთ ის სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია ცენტრის ფუნქციონირებისთვის. ამ ეტაპზე რამდენი ბავშვიც არის იდენტიფიცირებული, გადამისამართება ხდება მეზობელ მუნიციპალიტეტებში, ძირითადად თბილისში, რაც გარკვეულწილად არის ხარჯებთანაც დაკავშირებული და შეფერხებებთან იმიტომ, რომ გარკვეული მძიმე სოციალური ფონიც არის მუნიციპალიტეტში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ყველაფერს“, – ამბობს ნინო ტიკურიშვილი, „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი.

CENN-ის პროექტი, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებდა, სამწლიანია და მიმდინარე წელს დასრულდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტები მთავრდება, ჩვენ ვთანამშრომლობდით ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ფუნქციონირების  ხანგრძლივი ისტორია აქვთ და პროექტის დასრულება არ ნიშნავს ამ სერვისების შეწყვეტას. ადგილებზე აქ არსებული ორგანიზაციები რეგისტრირდებიან, როგორც სერვისის პროვაიდერები, სერვისის მიმწოდებლები და ქვეყანაში არსებული ფინანსური მექანიზმების საშუალებით ისინი ფუნქციონირებას გააგრძელებენ. ასე ვთქვათ, ევროკავშირმა საშუალება მისცა, რომ გამზადებული პროდუქტი მიეცა მთავრობისათვის და ახლა უკვე ადგილობრივი მთავრობა არსებული რესურსებით იმედია, გააგრძელებს მუშაობას და ბენეფიციარებისთვის სერვისების მიწოდებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – ამბობს ნინო თევზაძე, CENN-ის პროექტების მენეჯერი.

სახელმწიფო და კერძო სფეროების განვითარებისთვის ევროკავშირს საქართველოში 2 მილიარდ ევროზე მეტი აქვს დახარჯული. ევროკავშირთან გაუარესებული და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო კანონების ფონზე, ბუნდოვანია, როგორ ან საერთოდ შეძლებს თუ არა ორგანიზაცია ისეთი პროექტების დაფინანსებას მომავალში, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.

სიუჟეტი მომზადებულია ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend