ვატიკანში რომის ახლად არჩეულმა პაპმა, ლეონ XIV-მ, მედიის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა.
მან პავლე VI-ის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის, ხოლო პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა და მათი გათავისუფლება მოითხოვა.
ლეონ XIV-ის თქმით, მედიის წარმომადგენლები ციხეში „ჭეშმარიტების ძიებისა და გაშუქების გამო“ აღმოჩნდნენ. მისივე განცხადებით, ჟურნალისტების „ტანჯვა ერებისა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს“.
„მშვიდობა თითოეული ჩვენგანით იწყება იმით, თუ როგორ ვუყურებთ და ვუსმენთ სხვებს, როგორ ვსაუბრობთ მათ შესახებ. ამ მხრივ, ჩვენი კომუნიკაციის გზა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ სიტყვებისა და სურათების ომს. ჩვენ უნდა უარვყოთ ომის პარადიგმა.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ვახსენო ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტებისადმი, ვინც ციხეში არიან ჭეშმარიტების ძიებისა და გაშუქებისთვის. მინდა, მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდე. ამ სიტყვებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას ვითხოვ. ვფიქრობ იმ ჟურნალისტების შესახებ, ვინც თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი აშუქებენ ომს; იმ ადამიანების სიმამაცეზე, ვინც იცავენ ღირსებას, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებას, იყვნენ ინფორმირებულნი, ვინაიდან მხოლოდ ინფორმირებულ ინდივიდებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების ტანჯვა ერებისა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს. გვიბიძგებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი მონაპოვარი. ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ სიმართლის წინაშე თქვენი სამსახურისთვის!“ – თქვა რომის პაპმა ლეონ XIV-მ ვატიკანში მედიასთან შეხვედრისას.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ანგარიშის თანახმად, 2024 წელს მედიის 361 წარმომადგენელი პატიმრობაში იმყოფება. ამ რიცხვში არ შედის 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული ქართველი მედიამენეჯერი, ჟურნალისტი და ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.