კათოლიკური ეკლესია აღდგომას ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა. სააღდგომო წირვას რომის პაპი ლეო XIV ატარებდა. პონტიფექსის რანგში ეს მისი პირველი სააღდგომო მესა იყო. 10-წუთიანი ქადაგებისას მან მსოფლიოს მოუწოდა, კონფლიქტები მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაწყვიტოს.
მისი თქმით, არავინ უნდა იყოს გულგრილი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ. ყველამ მშვიდობის დასამყარებლად უნდა იმოქმედოს. როგორც პაპმა აღნიშნა, უნდობლობა და შიშია გამეფებული. შესაბამისად, ომის, უსამართლობისა და ხალხების, ერების იზოლაციის გამო ადამიანებს შორის კავშირი წყდება. ლეო XIV-მ მორწმუნეებს მოუწოდა, ნუ გახდებიან გულგრილები მიმდინარე კონფლიქტების მიმართ.
„მოდი, ვიხაროთ ქრისტეთი მისი ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის მეშვეობით. მოდი, მივცეთ ჩვენს გულებს საშუალება, გარდაიქმნას. ვისაც იარაღი უჭირავს, დაე, დაყაროს. მათ, ვისაც ომების გაჩაღების ძალა აქვს, დაე, აირჩიონ მშვიდობა. არა ძალით თავსმოხვეული მშვიდობა, არამედ დიალოგის გზით მიღწეული; არა სხვებზე ბატონობის სურვილით, არამედ მათთან საუბრის სურვილით. ჩვენ ვეჩვევით ძალადობას, ვეგუებით მას და ვხდებით გულგრილები; გულგრილები ათასობით ადამიანის სიკვდილის მიმართ; გულგრილები იმ სიძულვილისა და დაყოფის შედეგების მიმართ, რომლებსაც კონფლიქტები თესავს; გულგრილები იმ ეკონომიკური და სოციალური შედეგების მიმართ, რომლებიც კონფლიქტებს მოაქვს და რომლებსაც ჩვენ ყველანი ვგრძნობთ. გულგრილობა გლობალურად მატულობს. გავიხსენოთ პაპ ფრანცისკეს სიტყვები, რომლებიც მან ერთი წლის წინ წარმოთქვა. მან სწორედ აქედან მიმართა მსოფლიოს და შეგვახსენა, რომ „დიდი წყურვილია სიკვდილისა და მკვლელობისა, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მრავალ კონფლიქტში“, — განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ.
ლეო XIV მოედანზე შეკრებილ ათიათასობით მორწმუნეს მიესალმა. აღდგომის ქადაგებისას პაპმა მორწმუნეებს 10 ენაზე მიმართა, რითაც აღადგინა ტრადიცია, რომელიც მისმა წინამორბედმა, ფრანცისკემ, გააუქმა.
წმინდა კვირის ფარგლებში ლეო XIV-მ კიდევ ერთი ტრადიცია აღადგინა. დიდ ხუთშაბათს მან მღვდლებს ფეხები დაბანა. ამის ნაცვლად, პაპი ფრანცისკე ძირითადად ციხეებსა და შშმ პირთა სახლებში დადიოდა და შშმ პირებს, პატიმრებსა და არაქრისტიანებს ბანდა ფეხებს.
რომის პაპმა ლეო XIV-მ 11 აპრილი მშვიდობისთვის ლოცვის დღედ გამოაცხადა.
