ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა და მას მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
სხდომაზე მხარეთა კითხვებს ჟურნალისტის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ირაკლი დგებუაძე პასუხობს. პოლიციელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხარეთა კითხვებს ხმაურის ფონზე პასუხობს. სხდომათა დარბაზში სასამართლოს ეზოდან ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
სხდომის დაწყებისას ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც ჟურნალისტის საქმეზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საქმეზე ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვა მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წინა სასამართლო სხდომაზე მოითხოვეს. ჟურნალისტის უფლებადამცველებმა განმარტეს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს მზია ამაღლობელი აქციაზე „დაკვეთას ასრულებდა“ და მისი დავალება „პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო,“ აჩვენებს, რომ იგი მზია ამაღლობელის საქმეზე „მნიშვნელოვან ინფორმაციას“ უნდა ფლობდეს, და შესაბამისად, სასამართლოზეც უნდა დაიკითხოს.
ჟურნალისტს, რომელიც 11-12 იანვარს ორჯერ, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.