Tiktok ჩინეთისთვის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უკანონოდ გადაცემის გამო 530 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია ავრცელებს.
მარეგულირებელი ორგანო განმარტავს, რომ Tiktok-მა ევროკავშირში ამ პლატფორმის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გადაცემისას მათი კონფიდენციალურობა დაარღვია.
პლატფორმამ, რომელსაც ევროპაში ყოველთვიურად დაახლოებით 159 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ექვსი თვის ვადაში მონაცემთა დამუშავების პროცესი წესრიგში უნდა მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემთა ჩინეთისთვის გადაცემა შეწყდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Tiktok მსგავსი მიზეზით დაჯარიმდა – 2023 წელს პლატფორმას ბავშვთა კონფიდენციალურობის დარღვევის 345 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.