მარკ კარნი გახარებულია, ამისათვის საკმარისი მიზეზი აქვს. მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, თავად კი პრემიერ-მინისტრის პოსტს ინარჩუნებს. ლიბერალები გამარჯვებას ზეიმობენ.
კანადაში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. წინასწარი მონაცემებით, „ლიბერალურ პარტიას” 64%-ით საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ მთავრობის ფორმირება შეძლოს. თუმცა სრული უმრავლესობისთვის 343-კაციან საკანონმდებლო ორგანოში 172 მანდატი დასჭირდებათ, ჯერ მხოლოდ 167 აქვთ. გამოსავალზე პარტიაში უკვე ფიქრობენ. „ლიბერალურ პარტიაში” კარგად ესმით, რომ მოსახლეობამ გადამწყვეტ მომენტში მისცა ხმა, შესაბამისად, დაკვეთა შესასრულებელი აქვთ.
„პოლიტიკაში მოვედი, რადგან ვგრძნობდი, რომ ამ ქვეყანას დიდი ცვლილებები სჭირდებოდა, დიდი ცვლილებები ძლიერი კანადური ღირებულებებით. აშშ-ს სურს ჩვენი მიწა, რესურსები, ჩვენი ქვეყანა. არასოდეს… მაგრამ ეს არ არის უსარგებლო მუქარები. პრეზიდენტ ტრამპს სურს გაგვტეხოს, რათა შეერთებული შტატები დაგვეუფლოს. ეს არასოდეს, არასოდეს მოხდება. ამასთან უნდა გავიაზროთ რეალობა, კერძოდ ის, რომ ჩვენი სამყარო ფუნდამენტურად იცვლება. ძველი ურთიერთობა, რომელიც აშშ-სთან ინტეგრაციას გულისხმობდა, დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ ამერიკული ღალატის შოკი, ახლა ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. ლიბერალური მთავრობა გააძლიერებს პარტნიორობას ევროპასა და სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ.

დონალდ ტრამპი კანადის არჩევნებში საკვანძო სახელი და გვარია, მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენზე არ იკითხებოდა, სამაგიეროდ იგრძნობოდა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა კანადას სატარიფო ომი გამოუცხადა და ამერიკის 51-ე შტატობა მოსთხოვა, არჩევნებმა სხვა დატვირთა მიიღო. ანალიტიკოსების მოსაზრებით, სწორედ ამან განაპირობა, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებში მთელი 20%-ით მოწინავე კონსერვატორებს ბოლოს მაინც ლიბერალებმა გაუსწრეს. ტრამპთან დამოკიდებულება ამ არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად იქცა. ბევრი მიიჩნევდა, რომ კონსერვატორების ლიდერის ენა ზედმეტად ჰგავდა ტრამპისას.
„მე ხმა „ლიბერალურ პარტიას” მივეცი. იმ გაურკვევლობის ფონზე, რომელიც ამწუთას ეკონომიკური თუ ფინანსური კუთხით არსებობს, არ ვფიქრობ, რომ რამე უკეთესი ვარიანტი გვქონოდა. ვიცი, რომ ხალხის ნაწილს პოლიევრის სჯერა, თუმცა ჩემთვის ის მინიტრამპია”, – აღნიშნა კანადის მოქალაქემ, რეიდ უარენმა.
არაა გამორიცხული „ლიბერალურ პარტიას” აბსოლუტური უმრავლესობის ფორმირებისთვის სწორედ „ახალი დემოკრატები”დასჭირდეს, იდეურად ერთმანეთს ყველაზე მეტად ეწყობიან. მარცხის შემდეგ ამ პარტიის ლიდერმა ჯაგმიტ სინგმა პარტიის ლიდერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თამაშში რჩება კონსერვატორი პიერ პოლიევრი, რომელიც არსად აპირებს წასვლას, თუმცაღა პარლამენტში ადგილი დაკარგა. ის ამბობს, რომ მთავრობასთან თანამშრომლობას გეგმავს, განცხადებაც ასეთი ჰქონდა. მის პარტიას პარლამენტში 145 მანდატი აქვს.
„ცვლილებებს დრო სჭირდება და მარტივად არ მოდის. ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი შეცდომები, მომავალში გვექნება უკეთესი შედეგი. მსურს, მივულოცო პრემიერ-მინისტრ კარნის. ჩვენ გვექნება არაერთი საშუალება მასთან დებატებისა და წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ამაღამ კანადელები ერთიანები უნდა ვიყოთ. კარნის მნიშვნელოვანი მისია აკისრია, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დონალდ ტრამპის მუქარისგან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივულოცოთ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს ეს დემოკრატიული პროცესი”,- თქვა „კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა პიერ პოლიევრმა.

„ამაღამ პარტია ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ვტოვებ ლიდერის თანამდებობას. ამ წარმოუდგენელ საქმეს უთქვენოდ ვერ შევასრულებდი, მადლობა ამისათვის. ზოგჯერ შეიძლება დავმარცხდეთ და ეს გულს გვტკენს, თუმცა რეალურად მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ბრძოლას ვწყვეტთ. მე შევხვდი ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს სანაპიროდან სანაპირომდე – ისინი არასოდეს დანებდებიან. მაშინაც კი, როცა საპირისპიროში არწმუნებენ”, – განაცხადა „ახალი დემოკრატების” ლიდერმა ჯაგმიტ სინგმა.
„ლიბერალური პარტიის” ლიდერს გამარჯვება უკვე მიულოცა ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა. ჯერ დუმს დონალდ ტრამპი, რომელიც მანამდე ამტკიცებდა, რომ მისთვის სულ ერთი იყო, ვის აირჩევდნენ კანადელები.

