მთავარისპორტილაურეუსის სპორტული დაჯილდოება 2025

ლაურეუსის სპორტული დაჯილდოება 2025

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა ლაურეუსის ყოველწლიური დაჯილდოება, სადაც 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს.

ქალთა შორის საუკეთესოდ სიმონე ბაილსი დასახელდა, ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ პარიზის ოლიმპიადაზე სამი ოქროს მედალი და ერთი ვერცხლი მოიპოვა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაურეუსს ამ წარმოუდგენელი პატივისთვის. ასეთ მომენტებზე ჯერ კიდევ ბავშვთა სახლიდან ვოცნებობდი. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რადგან სწორედ მათ გვიშვილეს მე და ჩემი და. მომცეს საშუალება ჩემი გატაცება პროფესიად გადამექცია”, – ამბობს სიმონე ბაილსი.

მამაკაცთა შორის საუკეთესო სპორტსმენი კი შვედი ჭოკით მხტომელი მონდო დუპლანტისი გახდა. ის გასული წლის ლაურეუსის ჯილდოს მფლობელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წარადგინა. მან ბოლო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და საკუთარი მსოფლიო რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა.

„მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ლაურეუსის აკადემიას ამ ჯილდოსთვის. ძალიან სასიხარულოა, როცა ასეთი ათლეტები შენზე ფიქრობენ, რომ ამ ჯილდოს ღირსი ხარ“, – ამბობს მონდო დუპლანტისი.

წლის საუკეთესო გუნდად მადრიდის რეალი დასახელდა. მათ გასულ სეზონზე ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ლა ლიგა მოიგეს.

„პირველ რიგში, მადრიდის რეალის სახელით მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ლაურეუსის აკადემიას, კლუბი ძალიან ამაყობს ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღებით“,-ამბობს ლუკა მოდრიჩი, „რეალ მადრიდის” ფეხბურთელი.

„კატალონიის ბარსელონის” ესპანელმა ფორვარდმა, ლამინ იამალმა წლის გარღვევის ტიტული მიიღო. ის პირადად არ იმყოფებოდა მადრიდში, თუმცა მისმა თანამემამულემ, ტიაგო ალკანტარამ წარადგინა. გასულ წელს ეს ჯილდო მადრიდის რეალის ფეხბურთელ ჯუდ ბელინგემს ერგო.

„დიდი მადლობა ლაურეუსის აკადემიას. მე და ჩემი ოჯახი ძალიან ვამაყობთ ასეთი ჯილდოს მიღებით. ასევე არ მინდა, დავივიწყო ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონის ფეხბურთელები, მათთან ერთად თამაში კიდევ უფრო დამეხმარა ამ ჯილდოს მოპოვებაში“, – ამბობს ლამინ იამალი, „ბარსელონის” ფეხბურთელი.

პარალიმპიელი მოცურავე ჩინეთიდან იუიან ძიანგი წლის შშმ სპორტსმენად დაასახელეს.

წელს ლაურეუსის დაჯილდოება 26-ედ ჩატარდა. ამ საღამოზე იმყოფებოდნენ როგორც სპორტის, ასევე კინოსა და მოდის სამყაროს გავლენიანი წარმომადგენლები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend