ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, შეხვდა. მათ განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ხედვა რუსეთსა და უკრაინას შორის სამწლიანი ომის დასრულების გზებთან დაკავშირებით.
„ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარში დაადასტურეს თავიანთი ორმხრივი ვალდებულება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების თანმიმდევრულად განმტკიცებისადმი. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მათი შეთანხმება ეფექტურად განვახორციელოთ. ჩვენ ვხედავთ მოსკოვისა და პეკინის პასუხისმგებლობას, მჭიდროდ ითანამშრომლონ საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ამას გლობალური პოლიტიკის რთულ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილიზაციის ფაქტორად მიიჩნევს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პეკინი მოსკოვისთვის მტკიცე დიპლომატიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა, თუმცა შეგნებულად არ აწოდებდა რუსეთს სამხედრო აღჭურვილობასა და ექსპერტიზას.
„დღეს ჩინეთი მზადაა, ხელი ჩაჰკიდოს რუსეთს და მასთან ერთად აიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების პასუხისმგებლობა – შეუწყოს ხელი მსოფლიოს მულტილატერალიზმსა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციაში. ჩვენ ერთად შევიტანთ წვლილს მშვიდობის დამყარებისა და კაცობრიობის განვითარების საქმეში“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ.
ვანგ ი მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის ორშაბათს, 31 მარტს, გაემგზავრა, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის ძირითად პრინციპებზე მორიგდნენ.