მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის მტკიცებისა, უკრაინული ძალები არ არიან ალყაში მოქცეული. თუმცა ერთი რამ ფაქტია, მათ კურსკის რეგიონში პოზიციების დათმობა მოუწიათ.
გასული კვირის განმავლობაში ორივე პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი კურსკის რეგიონში ალყაშია მოქცეული.
დონალდ ტრამპმა პუტინს სთხოვა, სიცოცხლე შეენარჩუნებინა მათთვის.
„მე ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ დაინდოს ისინი. ეს იქნება საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ღმერთმა დალოცოს ყველა”, – განაცხადა ტრამპმა.
ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ მათ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს უკრაინელი სამხედროების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის კურსკის რეგიონში ან უკრაინის ფრონტის ხაზის გასწვრივ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსული ძალების ნაწილი კონცენტრირებულია კურსკის რეგიონის საზღვარზე, უკრაინის სუმის რეგიონთან. მისი აზრით, ისინი, შესაძლოა ამზადებენ ახალ შეტევებს, როგორც სუმიში, ისე ხარკივსა და ზაპორიჟიაში.
ISW მიიჩნევს, რომ ეს გეგმები შეიძლება იყოს სხვა სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც, სავარაუდოდ, მოსკოვი მიჰყვება. კრემლი კვლავ მოითხოვს უკრაინისგან იმ ტერიტორიების დათმობას, რომლებიც რუსეთს ამჟამად არ აქვს ოკუპირებული და აყენებს პირობებს მათ მოსაპოვებლად.
ამით შესაძლოა აიხსნას რუსეთის ბოლო შეტევითი ოპერაცია ზაპორიჟიის სამხრეთ რეგიონში, სადაც რუსული ძალები აძლიერებენ იერიშებს. კრემლის მოთხოვნაა, უკრაინამ დათმოს სამხრეთის ეს რეგიონი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიევი და ვაშინგტონი ხშირად განიხილავდნენ ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის საკითხს.
ოთხშაბათს, 19 მარტს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში შესაძლოა თავის ელექტროსადგურებზე კონტროლი აშშ-ს დაუთმოს.
„აშშ შეიძლება ძალიან დაეხმაროს ამ ობიექტების მართვაში თავისი ელექტროენერგიითა და ამ სფეროში გამოცდილებით. ამ ატომური ელექტროსადგურების ამერიკელთა საკუთრებაში გადაცემა საუკეთესო დაცვა იქნება ამ ინფრასტრუქტურისთვის”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ტრამპთან ზაპორიჟიის ბირთვული ენერგიის გეგმის აღდგენის საკითხი განიხილა. იგი აშშ-სგან მხარდაჭერას მოელის, თუმცა ელექტროსადგურის მის საკუთრებაში გადაცემას არ აპირებს.
„ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინელ ხალხს ეკუთვნის”, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ისინი სახელმწიფოს საკუთრებაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს.
უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში დაამყარეს და მას შემდეგ გადააკეთეს იგი სამხედრო ბაზად და იმ უპილოტო თვითმფრინავების პლაცდარმად, რომელთა სამიზნე უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებია.
ენერჰოდარის ყოფილი მერის, დმიტრო ორლოვის თქმით, გასული ზაფხულის მონაცემებით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაახლოებით 1000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული.