19 მარტს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ კოორდინაციის ფარგლებში, გაიგზავნა ერთობლივი წერილი მისი ხელმოწერით იმ ლიდერებთან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭოს შეხვედრებში.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრების დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის საქართველოს საკითხზე მსჯელობა და სწორედ ამან განაპირობა წერილის გაგზავნა.
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს საკითხი არ უნდა იყოს აღქმული როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, რადგან მისი თქმით, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს ევროპაშია.
“ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული როცა დისკუსია იქნება შავ ზღვაზე. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ იქ უსაფრთხოება გაძლიერდეს და შავ ზღვაზე დღევანდელი ქართული ოცნება აპირებს, რომ შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში. ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის გახსნას, ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ არის საქართველო ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოებაში და უნდა იყოს განხილული. და ასევე, როცა ლაპარაკი არის იმაზე რა უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების ბედი უკრაინაში, ის ფაქტი, რომ ჩვენთან არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ესეც ვერ იქნება მივიწყებული, იმ დროს, როცა მიდის მოლაპარაკებები ამგვარ საკითხებზე”, – ამბობს მეხუთე პრეზიდენტი,
მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებს სთხოვეს, რომ მომავალ ევროპულ საბჭოზე ჩაწერილი იყოს საქართველოს საკითხი დღის წესრიგში და მასში მონაწილეობა მიიღონ მან და “კოორდინირებულმა პარტიებმა”.