დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასთან დაკავშირებულ უამრავ განცხადებას შორის იყო ერთი, რომელმაც უკრაინელებისთვის წითელი ხაზი გადაკვეთა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას ომი არ უნდა დაეწყო. ევრონიუსის ჟურნალისტი საშა ვაკულინა ბუჩაში ჩავიდა, იმ მხარეში, რომლის მცხოვრებლებმა ერთ-ერთმა პირველებმა შეიგრძნეს რუსეთის ოკუპაციის სისასტიკე. მიუხედავად იმისა, რომ შენობები და ქუჩები აღდგენილია და ახლა სულ სხვაგვარად გამოიყურება 2022 წლის მარტთან შედარებით, ხალხის ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებულა.
წმინდა ანდრიას ეკლესია პირველი ადგილია, რომელიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში მასობრივ სასაკლაოდ იქცა. ახლა ამ ადგილას გარდაცვლილთა მემორიალი დგას.
„აქ 509 სახელია. 509 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა არა ბრძოლის შედეგად, არამედ ოკუპაციის დროს. გაუპატიურებაზე, ძარცვაზე, ბავშვების გატაცებაზე ჯერ არც კი დაგვიწყია საუბარი. რუსებისთვის მოლაპარაკებები არ არის მშვიდობის დამყარების გზა, ეს არის გზა იმ მიზნისთვის, რომელსაც იარაღით ვერ მიაღწევ. რუსებს უნდოდათ, სამ დღეში აეღოთ კიევი, თუმცა ვერ შეძლეს. ტრამპის დახმარებით, მოლაპარაკებებით და ა.შ. უკრაინის ოკუპაციას ახლა სხვანაირად ცდილობენ. ეს სამართლიანობის საკითხია. შემაშფოთებელი ის არის, რომ მოლაპარაკებებს ითხოვენ, თუმცა არავინ ახსენებს ჩადენილ დანაშაულს. პასუხისმგებლობაზე არავინ საუბრობს”, – ამბობს ბუჩის წმინდა ანდრიას ეკლესიის მღვდელი ანდრეი ჰალავინი.

ბუჩის მცხოვრებლებისთვის, რომელთაგან ბევრი უკან დაბრუნდა და დღესაც აქ ცხოვრობს, სამართალი მაშინ აღდგება, როცა ცეცხლი შეწყდება.
„ზელენსკის ნებისმიერ რამეზე შეუძლია ხელის მოწერა და შეთანხმება შეიძლება იყოს ძალიან კარგი. თუმცა ჩნდება კითხვა, შეაჩერებს თუ არა ეს პუტინს. უკრაინელებისთვის სიტყვა მშვიდობა ნიშნავს, როდესაც მათ არ ხოცავენ, როდესაც არის სამართალი, როდესაც დამნაშავეები პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე – ეს არის მშვიდობა. პუტინის გადმოსახედიდან, ჩემი აზრით, მშვიდობა მაშინაა, როცა აღარ მოუწევთ სროლა, რადგან ჩვენ მხარეს აღარავინ იქნება ცოცხალი და დარჩება მხოლოდ ტერიტორია“, – ამბობს მღვდელი ანდრეი ჰალავინი.
ამავდროულად, არ არსებობს წინაპირობა იმისა, რომ მოსკოვმა დათმოს ამბიციები და უარი თქვას უკრაინის ოკუპაციაზე.