დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები აცხადებენ, რომ გრენლანდიელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი და მომავალი. ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან შეერთების საკითხზე ისაუბრა. გრენლანდიელთა პრემიერ-მინისტრმაც 5 მარტს განაცხადა, რომ გრენლანდია მათია და თავად გადაწყვეტენ საკუთარ მომავალს.
დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურებიან.
დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის თქმით, გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გრენლანდია გრენლანდიელებისაა. ეს არის ხედვა, რომელსაც დანიის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს. მეტე ფრედერიქსენი დასძენს, რომ ქვეყნის ბედი და მომავალი თავად გრენლანდიელებმა უნდა გადაწყვიტონ.
დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პატივს სცემს გრენლანდიელთა თვითგამორკვევის უფლებას. დანიასა და გრენლანდიას მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე გერმანიამ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი სებასტიან ფიშერი ამბობს, რომ საზღვრები არასდროს უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით და ეს ყველასთვის ნათელია. გრენლანდია დანიის ნაწილია, როგორც ავტონომიური ტერიტორია. სებასტიან ფიშერი დასძენს, რომ გრენლანდიელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმაც განაცხადა თავის გამოსვლაში.
გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები 11 მარტს გაიმართება. ტრამპის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა კუნძულის დაკავების შესახებ უპრეცედენტო ინტერესი გააჩინა დანიისგან გამოყოფასთან დაკავშირებით. ეს თემა საკვანძო საკითხად იქცა საარჩევნო კამპანიის პერიოდში.