კატეგორიები

დიპლომატური გამოწვევები ომში

დიპლომატური გამოწვევები ომში

ინტენსიური დიპლომატიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი კვლავ ომში ბრუნდება. მისი არყოფნისას ბოლო ერთ კვირაში ქვეყანა 2000-ზე მეტჯერ გახდა საჰაერო დარტყმის ობიექტი რუსეთისგან. ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს არ ჰგავს იმ ქვეყნის ნაბიჯებს, რომელსაც მოლაპარაკება სურს, თუმცა გასულ პარასკევს ამაში საკუთარი სტრატეგიული პარტნიორის დარწმუნება გაუჭირდა. სამაგიეროდ მისი კარგად ესმით ევროპელ მოკავშირეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნებამდე ლონდონში შეხვდა.

„ამ დღეების შედეგი არის ის, რომ გვაქვს ევროპის მკაფიო მხარდაჭერა. უფრო დიდი ერთობა, უფრო ძლიერი მზაობა თანამშრომლობისთვის. ყველა გაერთიანებულია ერთი აზრის ირგვლივ, რომ მშვიდობა უნდა იყოს რეალური და საჭიროა უსაფრთხოების რეალური გარანტიები. ესაა ჩვენი, ევროპელების, მთელი კონტინენტის პოზიცია. გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ნორვეგიისა და თურქეთის. ჩვენ გვესმის აშშ-ის მნიშვნელობა და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-დან მივიღეთ. არ ყოფილა ერთი დღეც კი, როდესაც მადლიერება არ გვეგრძნო. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა დაუსრულებელი ომი. ამიტომაც ვამბობთ, რომ უსაფრთხოებითი გარანტიები არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი. უახლოეს მომავალში ყველა ევროპელი გავაზიარებთ ჩვენს საერთო პოზიციას, იმას, რასაც უნდა მივაღწიოთ და იმას, რაზეც კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ეს პოზიცია გადაეცემა ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამუშაოს დაუბრუნდა აშშ-ის პრეზიდენტიც. გასულ პარასკევს თეთრ სახლში გამართული უპრეცედენტო შეხვედრის მიუხედავად, ცნობილია, რომ კიევთან კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა არა საპრეზიდენტო დონეზე. დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო ის გზავნილიც, რომ მინერალებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზადყოფნა არსებობს, ისევე როგორც შტატებში დაბრუნებაზე, თუმცა თუ ამჯერად საუბარი „კონსტრუქციული და რეალური პრობლემების გადაჭრაზე იქნება ფოკუსირებული”. აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა ზელენსკიზე განაწყენებულია და უკრაინის მხარდაჭერის შეჩერებას განიხილავს.

„მას სურს დაასრულოს ომი, როგორაა ეს შესაძლებელი? პასუხი მარტივია. ამისათვის ერთადერთი გზა არსებობს, რომ ვლადიმერ პუტინი მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. და ამ წუთას პრეზიდენტი ტრამპი არის ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც აქვს შანსი ეს გააკეთოს და ნახოს, თუ რა  შემთხვევაში დაასრულებს რუსეთი ომს. შესაძლოა მათი მოთხოვნები არ იყოს საფუძვლიანი, ეს ჩვენ არ ვიცით. თუმცა მაგიდასთან ისინი უნდა მოვიყვანო. შესაძლოა, მათ შეთანხმება არც სურდეთ, არ ვიცით, მათთან 3 წელია, არ გვისაუბრია, მაგრამ იქნებ უნდათ?“- თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

აშშ-ის ოპტიმიზმს არ იზიარებენ ევროპელი მოკავშირეები, რომლებმაც ლონდონში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტეს, გააგრძელონ უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება, მიუხედავად იმისა, იზამს თუ არა იმავეს ვაშინგტონი. ამასთან, მოკავშირეები ამზადებენ ფართო გეგმას, თუ როგორ უნდა გააძლიერონ საკუთარი კონტინენტის თავდაცვა. ამის შესახებ ლიდერები 6 მარტს იმსჯელებენ საგანგებო შეხვედრაზე. მათ კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, ომის დასასრულებლად საკუთარი იდეები გაახმოვანონ. პარიზს აქვს ინიციატივა, რომ მხარეებმა ერთი თვით შეწყვიტონ ცეცხლი, ამას ჰყავს თანამოაზრეებიც, თუმცა ჯერჯერობით იდეას ფართო  გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„იმისათვის, რომ რუსული აგრესია დასრულდეს, საჭიროა, აშშ-მა აიძულოს ვლადიმერ პუტინი, მივიდეს მოლაპარაკებათა მაგიდაზე და მიიღოს ის პირობა, რომ დაასრულებს იმპერიალისტურ ამბიციებს, რომლებმაც ფრონტის ხაზი ჩვენამდე მოაახლოვა. ჩვენ აღარასოდეს უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ევროპას უნდა ჰქონდეს უნარი საკუთარ თავდაცვაზე იყოს პასუხისმგებელი და აღარ უნდა დაგვჭირდეს აშშ-სთვის იმის თხოვნა, თუ რა შეუძლია, მათ გააკეთონ ჩვენთვის”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.

„ძალიან დაგვეხმარებოდა ის, თუ ცეცხლი შეწყდებოდა. ეს იქნებოდა სამომავლო დისკუსიებისთვის საწყისი წერტილი. ეს ასევე ნიშნავს ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს. პირველ რიგში, უკრაინამ უნდა გააგრძელოს დახმარების მიღება, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიას. ამ მხრივ შეფერხება არ უნდა იყოს. მეორე – ასევე ვიაზრებთ, რომ ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ქვაკუთხედი უნდა იყოს ის, რომ უკრაინამ დაიცვას თავისი თავი და ჰყავდეს ძლიერი ჯარი. ეს კი უკრაინის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების პასუხისმგებლობაა. უსაფრთხოებითი არქიტექტურა უნდა აიგოს ამის ირგვლივ. რუსული პერსპექტივა არ უნდა მივიღოთ. რუსეთს ყოველთვის სურდა ისეთი მთავრობა უკრაინაში, რომელიც მის ბრძანებებს შეასრულებდა. მოახლოებულ ვიზიტზე ბრიუსელში ჩვენ კონკრეტულად განვიხილავთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და როგორ გავაძლიეროთ თანამშრომლობა ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ დავადასტურეთ უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ერთგულება. ეს ქვეყანა არის აგრესიის მსხვერპლი. ეს ყველასათვის უდავო სიმართლეა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ  შესაბამისად. გავაგრძელოთ მისი მხარდაჭერა ფინანსური იქნება ეს თუ სამხედრო კომპონენტში”, – განაცხადა გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

მოსკოვი თეთრ სახლში მომხდარით კმაყოფილია, უკრაინის პრეზიდენტს კი დიპლომატიურ კლასს უწუნებენ. უკმაყოფილოები არიან ლონდონში გამართული ევროპული სამიტით. განსაკუთრებით არ მოსწონთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და ქვეყანაში ევროპული სამშვიდობო ძალების გადასროლის იდეა.

„სამშვიდობო ძალებზე საუბრობენ, რომ ემზადებიან ათასობით ჯარისკაცით უკრაინის ჰაერიდან დაცვაზე და ა.შ.  – ესეც თავხედობაა, რადგან ჩვენ არავინ გვეკითხება. ტრამპს კი ეს ესმის და ამბობს, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი, დარეგულირების პროცესში ამაზე საუბარი შეიძლება, თუმცა სჭირდება მხარეების თანხმობა. ის კორექტულად იქცევა. ეს სამშვიდობო ძალები იმის გაგრძელებაა, რაც აქამდე იყო – კიევის რეჟიმის წახალისება ჩვენთან ომზე. ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ პრობლემის პირველწყარო არსად გამქრალა. ჩვენ და აშშ მსოფლიო პოლიტიკის თითოეულ საკითხზე ერთნაირად არასდროს ვიფიქრებთ, თუმცა სადაც ვხედავთ ინტერესთა თანხვედრას, საღი აზრი გვკარნახობს, რომ სისულელე იქნება ეს არ გამოვიყენოთ“, – აცხადებს რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი.

უკრაინაში იციან, რომ ევროპის მხარდაჭერა აქვთ, აშშ-სთან გართულებულ ურთიერთობაზე კი მუშაობა გრძელდება. ქვეყანა აგრძელებს ფრონტის დაცვასაც, დღეს, 3 მარტს, ხარკივზე რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით ერევანი მოსკოვის მოთმინებას ცდის დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით აშშ-ს გეგმები „შთამბეჭდავად მიდის“
სხვა ამბები