ტორონტოს პირსონის აეროპორტში 17 თებერვალს დელტას ავიახაზების თვითმფრინავი დაშვებისას ამოყირავდა.
ტორონტოს პირსონი სახანძრო სამსახურის უფროსმა ტოდ ატკინსონმა განაცხადა, რომ 18 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აეროპორტმა პლატფორმა X-ზე დაადასტურა, რომ ინციდენტი მოხდა რეისზე, რომელიც მინეაპოლისიდან მოფრინავდა. ბორტზე იმ დროს 76 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. დელტას ავიახაზების განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა 15:30 საათზე მოხდა.
შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს თვითმფრინავი, რომელიც დათოვლილ ასაფრენ ბილიკზე თავდაყირა დგას, ხოლო ადგილზე სასწრაფო დახმარების მუშაკები მუშაობენ.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ამინდმა შესაძლოა გარკვეული როლი შეასრულა. კანადის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, აეროპორტში თოვდა, ხოლო ქარი 65 კილომეტრ-საათს აღწევდა. ტემპერატურა დაახლოებით -8,6 გრადუსი ცელსიუსი იყო.
“ძალიან იშვიათია მსგავსი რამის ნახვა”, – აცხადებს საავიაციო უსაფრთხოების საკონსულტაციო ფირმის Safety Operating Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ კოქსი. “ჩვენ ნანახი გვაქვს აფრენის დროს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თვითმფრინავი გადატრიალდა, მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.”
კოქსმა, რომელიც US Air-სთვის 25 წლის განმავლობაში დაფრინავდა და ასევე მუშაობდა ტრანსპორტისა და უსაფრთხოების ეროვნულ საგამოძიებო სამსახურში აცხადებს, რომ CRJ900 სანდო ხომალდია, რომელიც ათწლეულებია გამოიყენება და გამძლეა უამინდობაშიც.
ეს გასულ თვეში მეოთხე სერიოზული ავიაშემთხვევაა ჩრდილოეთ ამერიკაში. 29 იანვარს ქვეყნის დედაქალაქთან კომერციული თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 67 ადამიანი დაიღუპა.