მთავარიევროპაგერმანიაგერმანელი პოლიტიკოსები მოსახლეობას არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ აფრთხილებენ

გერმანელი პოლიტიკოსები მოსახლეობას არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ აფრთხილებენ

გერმანიის არჩევნებამდე უკვე თვეზე ნაკლები რჩება და დეპუტატები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ავტორიტარული ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა ტროლ-ბოტების ჯგუფი, რომელიც გერმანიაში დეზინფორმაციის გამავრცელებელი სოციალური ანგარიშების უკან დგას.

გერმანიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ერთ-ერთმა წევრმა, თომას ერნდლმა, დაადასტურა, რომ რუსეთი ცდილობს, ჩაერიოს გერმანიისა და პოლონეთის არჩევნებში. ამის შესახებ მთავრობაც ინფორმირებულია.

„რუსეთი დიდ ძალისხმევას დებს ამ საქმეში და, რა თქმა უნდა, შედეგებიც მოჰყვება. მაგალითად, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აღზევება სწორედ ამ მექანიზმზეა დაფუძნებული. ეჭვის გაჩენა ჩვენი სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებას არწმუნებს, რომ გამართულად არაფერი მუშაობს და ლტოლვილებისა და მიგრანტების საკითხი მთავარი პრობლემაა“, – ამბობს თომას ერნდლი, პოლიტიკოსი.

ევრონიუსმა მთავრობის ბრალდებებთან დაკავშირებით ბერლინში რუსეთის საელჩოს მიმართა. თუმცა საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.

„პირველ ყოვლისა, ამ ყველაფერს ინსტიტუტები უნდა დაუპირისპირდნენ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა. არის რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ ინსტიტუტების კეთილმოწყობისთვის მეტი დაფინანსება გვჭირდება. უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ პროცესების ანალიზში დაგვეხმარება. რაც მთავარია, გვჭირდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, – ამბობს თომას ერნდლი, პოლიტიკოსი.

„მწვანეთა პარტიის“ წევრმა, კონსტანტინ ფონ ნოცმა, ევრონიუსს განუცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი დემოკრატიული ქვეყნების სუსტ წერტილებს იყენებენ და ამით საფრთხეს უქმნიან მათ.

„დაზვერვის სამსახური ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ პროცესებთან საბრძოლველად. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება როგორც უკეთესი ადამიანური რესურსი, ისე კანონიერი უფლებამოსილება. მჯერა, რომ უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, გარკვეულ ინსტიტუციებს მეტი უფლება უნდა მიენიჭოს“, – ამბობს თომას ერნდლი, პოლიტიკოსი.

წინასწარი გამოკითხვებით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმათა 20%-ზე მეტს აიღებს, რაც საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციასთან ბრძოლის არაეფექტური პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend