მთავარიაზიაღაზაისრაელმა ათასობით პალესტინელს ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნების უფლება მისცა

ისრაელმა ათასობით პალესტინელს ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნების უფლება მისცა

„ჰამასი“ მიმდინარე კვირაში ექვსი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას დასთანხმდა. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, პალესტინელებს უკვე შეუძლიათ ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნება.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 15 იანვარს ამოქმედდა.

ისრაელის მთავრობამ „ჰამასი“ შეთანხმების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა, რის გამოც შაბათ-კვირას ისრაელელმა სამხედროებმა ათასობით პალესტინელს ნუსეირათის ბანაკთან ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნების საშუალება არ მისცეს.

ისრაელის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესში „ჰამასმა“ უარი თქვა სამოქალაქო აქტივისტის, არბელ იეჰუდის, გათავისუფლებაზე.

თუმცა მოლაპარაკებების შედეგად „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ აქტივისტს სხვა ხუთ ისრაელელ სამხედროსთან ერთად გაათავისუფლებს.

ისრაელმა გახსნა ჩრდილოეთ ღაზისკენ მიმავალი დერეფანი, რომლითაც პალესტინელები შინ დაბრუნებას შეძლებენ.

„რაც ღაზაში ხდება, ძალიან ემოციურია. ვხედავთ, რომ ხალხი სახლში ბრუნდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში იქ აღარაფერია დარჩენილი. ისინი რეალურად ნანგრევებს უბრუნდებიან, რადგან ბრძოლების შედეგად ღაზას დიდი ზიანი მიადგა. მიუხედავად ყველაფრისა, პალესტინელებისთვის ეს ემოციური დღეა. ისინი იმედოვნებენ, რომ სახლში დაბრუნება ნორმალური ცხოვრების აღდგენის დასაწყისია. თუმცა რეკონსტრუქციის პროცესი იქნება ხანგრძლივი, რთული და საკამათო“, – ამბობს ჯო ფედერმანი, „ესოშიეითედ პრესის“ ჟურნალისტი.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლების გამო მილიონი პალესტინელი იძულებული გახდა, ჩრდილოეთი ღაზა დაეტოვებინა და სამხრეთისთვის შეეფარებინა თავი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend