ისრაელმა და „ჰამასმა“დოჰაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. ეს მაშინ ხდება, როდესაც მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, რომელიც ღაზაში 14 თვის განმავალობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებდა. „ჰამასმა“ ისრაელს ახალი პირობები წაუყენა, ისრაელი კი „ჰამასს“ უკვე შეთანხმებული პუნქტების უარყოფაში ადანაშაულებს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდება.
ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი პირობას დებს, რომ ისრაელი კვლავ გააკონტროლებს უსაფრთხოებას ღაზის სექტორში. ცოტა ხნის წინ მათ ღაზაში მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.
ისრაელის სამხედროებმა ამ მიწისქვეშა ქსელის აფეთქების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელეს.
თელ-ავივში კი „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. მათ ისრაელის მთავრობისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება და მძევლების დაბრუნება მოითხოვეს. ბოლო ინფორმაციით, ღაზაში დაახლოებით 100-ამდე მძევალი იყო დარჩენილი, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მათგან მხოლოდ ორი მესამედია ცოცხალი.