მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციები თბილისსა და ქუთაისში

საპროტესტო აქციები თბილისსა და ქუთაისში

თბილისსა და ქუთაისში დღეს, 21 დეკემბერს, საპროტესტო აქციები გაიმართა.

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა, ამჯერად, პროტესტი ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამოხატეს. მათ აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოებისა და პლაკატების ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო განათება დღეს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

სხვადასხვა სახელწოდებით საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისშიც. დილის ათ საათზე ქუთაისიდან თბილისისკენ მანქანების კოლონა დაიძრა. მათ თბილისში რეზო გაბრიაძის თეატრიდან დაიწყეს მსვლელობა.

საპროტესტო აქცია გამართეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებმაც უნივერსიტეტის კამპუსიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე მარში მოაწყვეს. მათი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.

აქციები გამართეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელწოდებითაც. კერძოდ, გაიმართა მეგრელების, სვანების, აჭარლებისა და რაჭველების მარში. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კარგად ესმით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას უერთდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend