მთავარისაქართველოგაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ხუთ თანამდებობის პირს საქართველოში

გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ხუთ თანამდებობის პირს საქართველოში

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სანქციებს უწესებს “ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც მედიისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი”.

„ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებულ ხუთ პირს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.

ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის“, – ნათქვამია საქართველოში გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში.

დიპლომატიური უწყების ცნობით, სანქცირებულთა შორის არიან ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.

გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის სიტყვებიცაა მოყვანილი, სადაც საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლა დემოკრატიაზე საშინელ თავდასხმად და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვადაა შეფასებული.

დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებებს და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend