მთავარისაქართველორობერტა მეცოლა სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში იწვევს

რობერტა მეცოლა სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში იწვევს

„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველს ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანად ითხოვს ევროპულ მომავალს“ – ამ სიტყვებით დაიწყო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბარი.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რობერტა მეცოლამ თქვა, რომ ევროპა ხედავს ქართველ ხალს და დგას ქართველ ხალხთან ერთად. მან ასევე აღნიშნა, რომ გმობს ძალის გადამეტებას და რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველს ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა, გამოდის თბილისის ქუჩებსა და მთელ ქვეყანაში, მშვიდობიანად ითხოვს ევროპულ მომავალს და აფრიალებს ევროკავშირის დროშას, როცა წყლის ჭავლის პირისპირ აღმოჩნდება. მივმართავ ქართველ ხალხს: ჩვენ თქვენ გხედავთ, გისმენთ და ვდგავართ თქვენთან ერთად. ეს პარლამენტი მტკიცედ გმობს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებსა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას“ – თქვა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ევროპარლამენტში იწვევს. რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეუთავსებელია ქვეყნის ევროპულ გზასთან.

„მივმართავთ ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს – გაერთიანდნენ და მიაღწიონ შეთანხმებას სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის“ – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი კი აცხადებს, რომ შეჩერებულია საქართველოს მთავრობის დაფინანსება და მინიმუმამდეა დაყვანილი პოლიტიკური დიალოგი. მან ეს განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გააკეთა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend