მთავარისაქართველოუნგრეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

უნგრეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, უნგრეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში უნგრეთში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ. მათ საელჩოსთან აქციების დროს სამართალდამცავების მიერ დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები მიიტანეს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ უნგრეთის საელჩოს თანამშრომლებს წერილი გადასცა. მისი განცხადებით თბილისში მიმდინარე აქციის დროს, ისეთი მასშტაბური და სისტემურია ის წამება, რომელიც დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხორციელდება, რომ ის აღწევს ძალიან დიდ მასშტაბს და შეიძლება ჩაითვალოს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. მისივე თქმით ამის შესახებ სწორედ უნგრეთის მოსახლეობამ და მთავრობამ უნდა იცოდეს, რადგან მისივე განცხადებით სწორედ უნგრეთის მთავრობა აღიარებს „ქართული ოცნების” ხელისუფლებას და ბლოკავს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას.

„ჩვენ უნგრეთის საელჩოში მოვიტანეთ მტკიცებულებები თუ როგორ აწამებენ ადამიანებს საქართველოში. არამარტო დაკავების დროს, არამედ დაკავების შემდეგ, როგორ სასტიკად ეპყრობიან მათ. ამას აქვს სისტემური ხასიათი. ეს ხდება პოლიციის მიერ. პოლიციის თანდასწერებით. ეს არის უმძიმესი დანაშაულები. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შეადგენს. ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს უნგრეთის მთავრობამ და უნგრეთის მოსახლეობამაც იმიტომ, რომ დღეს ორბანი არის ერთადერთი ადამიანი ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდეგება დამნაშავეების მიმართ სანქციების დაწესებას,“ – ამბობს ბაია პატარაია.

უნგრეთის საელჩოსთან გამართულ აქციაზე იყვნენ უნგრეთის მოქალაქეებიც. ერთ-ერთმა მათგანმა ლასლო რობერტ მეზეშმა უნგრეთის მთავრობას მიმართა. მეზეშმა პირადად ორბანს მოუწოდა შეეჩერებინა „ქართული ოცნების” მთავრობის მხარდაჭერა და დაეგმო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა.

„მე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს სიარტოს მივმართე. ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინოა, რომ ისინი კვლავ მხარს უჭერენ „ქართული ოცნების” მთავრობას, რომელმაც გასული ორი კვირის განმავლობაში თავის მოქალაქეებს სრული ტერორი მოუწყო. მე მათ ასევე ვუთხარი, რომ მხოლოდ იღბლის დამსახურებით მე უნგრეთის მოქალაქე არ დავშავდი სხვა ჟურნალისტებთან ერთად. მე ქართველ და საერთაშორისო ჟურნალისტებთან ერთად ვიღებდი და ვაშუქებდი საქართველოში მიმდინარე პროტესტს. ჩემს გვერდით მდგომ გერმანელ ჟურნალისტს თავში რეზინის ტყვია მოხვდა. მას საქართველოში ოპერაცია დასჭირდა და შემდგომ სამკურნალოდ გერმანიაში დაბრუნდა. საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო. მე ქართველი ჟურნალისტების გვერდით ვიდექი, როდესაც მათაც მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. აქციებისას პოლიციის მხრიდან ძალადობას შევესწარი. ხოლო ის ფაქტი, რომ მე ამ ყველაფერს გადავურჩი უბრალოდ იღბალის დამსახურებაა. შესაბამისად ის რასაც უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს არის დამაზიანებელი და სახიფათო მათ შორის უნგრეთის მოქალაქეებისთვისაც.“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend