მთავარიფოკუსიყაზახეთმა მომთაბარეთა მეხუთე მსოფლიო თამაშებს უმასპინძლა

ყაზახეთმა მომთაბარეთა მეხუთე მსოფლიო თამაშებს უმასპინძლა

სამი ათასი მშვილდოსანი 100 ქვეყნიდან. ხალისითა და ადრენალინით სავსე სანახაობა. ასეთი იყო „მომთაბარეთა მეხუთე მსოფლიო თამაშები“ ასტანაში, ყაზახეთის დედაქალაქში, რომელსაც ევრონიუსიც დაესწრო.

„ჩემი აზრით, ეს ღონისძიება იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ის კულტურისა და ისტორიის ზეიმია და სწორედ ესაა ჩვენი ფესვები,“ – ამბობს ამალი რაშკე, საცხენოსნო მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის მსაჯი. „თუ ტრადიციული სპორტის სახეობებს შევხედავთ, როგორებიცაა ჩოგბურთი და კიდევ სხვა, მიხვდები, რომ დაკარგულია კავშირი მემკვიდრეობასთან. და ეს სანახაობა იმით გამოირჩევა, რომ მისი მონაწილეები პატივს მიაგებენ საკუთარ წარსულს. პირადად მე მგონია, რომ მომთაბარეთა მსოფლიო თამაშები მომთაბარეთა ოლიმპიადის ტოლფასია“.

შუა აზიაში ყაზახეთი ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომელიც ესაზღვრება ჩინეთს, რუსეთს, ყირგიზეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს. იგი მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანაა და მისი ფართობი დასავლეთ ევროპის ფართობს უდრის. გარდა ამისა, ყაზახეთი ყველაზე დიდი ქვეყანაა კასპიის ზღვის რეგიონში, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. „მომთაბარეთა მსოფლიო თამაშების“ წლევანდელ მეხუთე ღონისძიებას ყაზახეთის დედაქალაქმა ასტანამ უმასპინძლა. ეს სანახაობა აგავსებს ხალისით, სილაღითა და ადრენალინით. ეს სპორტული თამაშები სპორტის, იდენტობისა და კულტურის ერთიანობის ზეიმია.

ისლამბეკ სალჟანოვი,  ყაზახეთის ეროვნული სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოდან სტუმრების მიღება. უცხოელების ინტერესი ეროვნული თამაშების მიმართ სულ უფრო იმატებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოპულარული და უნიკალურია ეს თამაშები, მათ შორის კოკპარიბაიგეაუდარისპაკი და ა.შ. რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც. უცხოელებს სურთ, გაიცნონო ჩვენი ეროვნული სპორტი, ტრადიციები, კულტურა, სამზარეულო და ხელოსნობა და ეს თამაშები უნიკალური შესაძლებლობაა, რათა მომთაბარეთა ცხოვრების წესს ეზიარო“.

ეს თამაშები სპორტის 21 სახეობას აერთიანებს, რომელთა უმეტესობა სტეპებში თავის გადასარჩენად საჭირო ცოდნასა და გამძლეობას მოითხოვს. ერთ-ერთი ასეთი უძველესი თამაშია კოკპარი, ყაზახეთის ეროვნული სპორტის სახეობა, რომელიც, როგორც ამბობენ, მეცამეტე საუკუნის პირველ ხანებში ჩინგიზ-ყაენის ჯარში წარმოიშვა.

კოკპარში ორი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს: ერთი რვაკაციანია, მეორე კი – 12-კაციანი. ისინი ცხენზე ამხედრებული ებრძვიან ერთმანეთს თხის ჩონჩხის მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა, ახლა ჩონჩხის ნაცვლად ფიტულს იყენებენ. თავად ეს თამაში კი, სავარაუდოდ, ცხენოსნობისა და რაგბის ნაზავია.

კოკპარი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სპორტია ტრავმების თვალსაზრისით, ერთადერთია სპორტის სახეობაა, რომელსაც ქალები არ მისდევენ,“ – განმარტავს კურმანბეკ ტურგანბეკი, ყაზახეთის კოკპარის გუნდის კაპიტანი.

„ის ძალიან დიდ შრომასა და წვრთნას მოითხოვს. კოკპარი ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯადარი, იმდენად ახლოსაა ჩვენთან. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი ეს თამაში“.

სპორტის კიდევ ერთი პოპულარული სახეობაა საცხენოსნო მშვილდოსნობა, რომელიც დიდ ოსტატობას მოითხოვს მონაწილისგან.

„ როდესაც უყურებ, როგორ ისვრის მშვილდიდან ცხენზე ამხედრებული სპორტსმენი, ეს ადვილი გეჩვენება,“ – ამბობს იერალხან აიკოზი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი მომთაბარეთა მე-5 მსოფლიოს თამაშების ტრადიციულ საცხენოსნო მშვილდოსნობაში.
„თუმცა, სინამდვილეში ეს ძალიან რთული სპორტია, რადგან მუდმივ წვრთნასა და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს, რადგან ძნელია გაჭენებული ცხენიდან მიზანში სროლა“.

მომთაბარეთა თამაშებში 100 ქვეყნიდან ჩამოსულმა სამი ათასმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. უცხოელი მაყურებლის რაოდენობამ კი 100 ათასს გადააჭარბა, რის გამოც ეს ნამდვილად საერთაშორისო დონის სანახაობა გამოდგა.
„შესანიშნავია,“ – ამბობს იზაბელი, მაყურებელი საფრანგეთიდან. „ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა და „მომთაბარეთა მსოფლიო თამაშებზე“ დასწრება. ყაზახეთში პირველად ვარ, ყაზახებმა ისე თბილად და კარგად მიგვიღეს. შესანიშნავი დრო გავატარეთ“.

„ეს უძველესი სანახაობაა,“ – ეს ლიზაა, მაყურებელი აშშ-იდან. „საოცარია, როდესაც ყველა ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი, ის სპორტსმენებიც კი, რომლებიც საასპარეზოდ გადიან. დაუჯერებელია, ყოვლად წარმოუდგენელია.“

თამაშები შესანიშნავი შესაძლებლობა გამოდგა ყაზახეთისთვის, რათა წარმოეჩინა თავისი მდიდარი ისტორია და კულტურა, ეჩვენებინა საკუთარი სტუმარმასპინძლობა და სამზარეულო. ძალიან თბილად შეხვდნენ სამშობლოში დაბრუნებულ ერთ-ერთ ცნობილ ყაზახ მუსიკოსს დიმაშს, რომელიც გახსნის ცერემონიას გაუძღვა.

დიმაშ კუდაიბერგენი, ყაზახი მუსიკოსი და მომღერალი:

მე საერთაშორისო დონის მომღერალი იმიტომ კი არ გავხდი, რომ ფულის შოვნა მინდოდა, მსგავსი მერკანტილური მიზეზი არ მქონია, არამედ იმიტომ, რომ მსურდა, ჩემი ქვეყნის კულტურა, სიმღერები და მუსიკა გამეცნო სხვებისთვის. ვიცი, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ჩემი ქვეყნისა და ჩვენი კულტურისთვის. ახლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია, რათა ყველას ვაჩვენოთ არა მხოლოდ ჩვენი კულტურა, არამედ ის, რომ უამრავი თამაში შეგვიძლია ცხენთან ერთად. ახლა ძალიან კარგი დროა, რათა ჩვენი სპორტული ნიჭიც ვაჩვენოთ“.

მომთაბარეთა მსოფლიო თამაშები წლიდან წლამდე სულ უფრო ფართო საერთაშორისო სახეს იღებს და მომავალი თამაშების წარმატების საწინდარი დიდწილად სწორედ ასტანაში ჩატარებული თამაშები იქნება.

ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend