კატეგორიები

ეკოლოგიური პოლიტიკა ამართლებს - ევროპის წამყვანი კომპანიები ბიზნესის მწვანე სტრატეგიაზე გადაყვანით მილიარდებს იღებენ

ეკოლოგიური პოლიტიკა ამართლებს - ევროპის წამყვანი კომპანიები ბიზნესის მწვანე სტრატეგიაზე გადაყვანით მილიარდებს იღებენ
Copyright Euronews
ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური მონაცემების გასაჯაროების პროექტი CDP-ი 25 წლისაა.  მსოფლიოში ყველაზე დიდმა გარემოსდაცვითი ანგარიშგების პლატფორმამ თავისი არსებობის მეოთხედი საუკუნე ახლახან პარიზში აღნიშნა.

ამ ღონისძიების მთავარი გზავნილი ასეთია: დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში კლიმატისა და გარემოს დაცვის შესახებ არსებული მონაცემები ისეთი მნიშვნელოვანია,  როგორც არასდროს. დღეის მდგომარეობით, CDP-ი პლატფორმის საშუალებით მსოფლიოს ათასზე მეტ ქალაქში მოქმედი 22 ათასზე მეტი  კომპანია აქვეყნებს მაჩვენებლებს, თუ რა გავლენა აქვს მათ წარმოებას გარემოზე.

„CDP-ის მსგავსი ანგარიშგების პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. იგი გეხმარება, შეაფასო, თუ სად დგახარ. ყოველ წელს ახალი კითხვა ჩნდება, რომელიც გვეხმარება, ვიყოთ უფრო ამბიციური და უკეთესი“, - ამბობს ესტერ ფინიდორი, Schneider Electric -ის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ამ მექანიზმის წყალობით უკეთ ვაზროვნებთ. როდესაც ცდილობ, რომ შენი ბიზნესის ზრდა ჰარმონიაში იყოს გარემოსთან, უფრო საზრიან გადაწყვეტილებებს იღებ“, -განმარტავს ანტუან ვანლეისი, L’Oréal-ის ოპერაციების დირექტორი.

კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი დანაკარგი ბიზნესს აიძულებს, სწრაფად შეიცვალოს.

„ნებისმიერი ბიზნესი რაღაცით მაინც არის ბუნებაზე დამოკიდებული. დამოკიდებულია წყალზე, სუფთა ჰაერზე, ჯანსაღ და მყარ ნიადაგზე. და თუ ეს ყველაფერი გადაგვარდა, გაქრა ან გაძვირდა, აუცილებლად უარყოფითად აისახება ბიზნესზე,“ - ამბობს დევიდ კრეიგი, TNFD-ის თანათავმჯდომარე. „ამიტომ ძალიან მარტივია დასკვნის გაკეთება, რომ იმას, რაც გვჭირდება, მუდამ ერთ ფასში ვერ მივიღებთ“.

CDP-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ის კომპანიები, რომლებიც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ, უფრო კონკურენტუნარიანები არიან. ევროპის წამყვანმა კომპანიებმა, რომელთაც ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს,  ბოლო 12 თვის განმავლობაში თავიანთ კონკურენტებთან შედარებით 60%-ით შეამცირეს მავნე გამონაბოლქვის მოცულობა, რის შედეგადაც 67 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური სარგებელი მიიღეს.

“მაინც რატომ ასაჯაროებენ კომპანიები მონაცემებს?“ - კითხვას სვამს შერი მადერა, CDP-ის აღმასრულებელი დირექტორი. „ეს კითხვა ალბათ ყველა ჩვენგანს უჩნდება. კომპანიები ასე იმიტომ კი არ იქცევიან, რომ მოსწონთ ეს მონაცემები, არამედ იმიტომ, რომ დაარწმუნონ მომხმარებელი, რომ სწორედ მათთან ღირს თანამშრომლობა და მათ კომპანიაში ინვესტიციის ჩადება. ეს არ არის ტვირთი. ეს არის სარგებელი, რომელიც აუცილებელია ბიზნესის გასაგრძელებლად“.

CDP კორპორატიული სიჯანსაღის ბოლო რეიტინგის მიხედვით, ევროპა მსოფლიო ლიდერია. აქაური კომპანიების 16% უკვე წამყვან პოზიციაზეა კლიმატთან თავსებადობის კუთხით, რითაც ევროპა ცოტათი უსწრებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, მაგრამ გაცილებით წინაა, ვიდრე ლათინური და ჩრდილოეთი ამერიკა.

„გვიხარია, რომ ევროპა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ფაქტობრივად, მხარდამხარ მიდიან. ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად ჩამორჩება. თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ შემოდის“, -ამბობს შერი მადერა.

„ევროპაში სულ უფრო მეტი საპენსიო ფონდი ხდება  მომთხოვნი,“ - განმარტავს სტეფან კადიე, Arkéa Asset Management-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. „ისინი გვაიძულებენ, უფრო ეფექტიანად დავაკვირდეთ კომპანიებს და უფრო მკაცრად მოვთხოვოთ, გაასაჯაროონ საკუთარი ბიზნესის კლიმატური სტრატეგია. და ეს დადებითი მოვლენაა“.

„ჩვენ, როგორც ჩვენი ინდუსტრიის ლიდერს, პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მთელი ჩვენი ეკოსისტემა ჩავრთოთ ამ პროექტში,“ - ამბობს ანტუან ვანლეისი, L’Oréal-ის ოპერაციების დირექტორი. „მაგალითად, ჩვენს წამყვან მომწოდებლებს ვთხოვთ, შეუერთდნენ CDP პლატფორმას და გამოაქვეყნონ საკუთარი მონაცემები, რათა შეგვეძლოს მათი  CDP რეიტინგის პროგრესის განსაზღვრა“.

ამ ღონისძიების მონაწილე კომპანიების მომავალი ნათელია - ბიზნესი, რომელიც შეძლებს, მოერგოს ახალ რეალობას, წარმატებული იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში.

“ჩემი აზრით, იმაზე კი არ ვმსჯელობთ, თუ რატომაა საჭირო ადაპტაცია, არამედ  - როგორ უნდა მოვახერხოთ ეს,“ - განმარტავს დევიდ კრეიგი, TNFD-ის თანათავმჯდომარე.  „როგორ უნდა წავიდეთ წინ უფრო სწრაფად? როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები და მონაცემები? მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი: ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც საკმარისად სწრაფად და გასაგებად არ მოქმედებენ. ამიტომ უნდა დავეხმაროთ მათ, რათა გააცნობიერონ ამ სტრატეგიის სარგებელი“.

„ჩვენ უნდა შევხედოთ მდგრადობას არა როგორც ვალდებულებას, არამედ როგორც სტიმულს, რომელიც ხელს გვიწყობს, დავნერგოთ მეტი სიახლე, გავხდეთ უფრო ძლიერი. ის გვიხსნის ახალი შესაძლებლობების კარს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს ელენა ბრედა, Electrolux Group-ის ინოვაციისა და მდგრადი დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

ეს  არაკომერციული ყოველწლიური ევროპული დაჯილდოება კონტინენტზე ბიზნესის გამჭვირავლობის ზრადს ემსახურება.

“25 წლის წინ კლიმატთან დაკავშირებულ მონაცემებს საერთოდ არავინ აქვეყნებდა,“ - გვახსენებს CDP-ის აღმასრულებელი დირექტორი. „ასე რომ, ბოლო 25 წლის განმავლობაში სი-დი-პი CDP მხოლოდ იმ კომპანიებთან კი არ თანამშრომლობდა, რომლებიც გარემოს დაცვის ეკოსისტემაში არიან ჩართული, არამედ მათთანაც, რომლებიც მიეკუთვნებიან ფინანსურ, ეკონომიკურ, პოლიტიკის განმსაზღვრელ ეკოსისტემებს. ჩემი აზრით, უნდა ვიამაყოთ“.

უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც  CDP დგას იმ პროგრესის სათავეში, რომელიც უფრო მდგრადი მომავლის შექმნას ემსახურება.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

დაკავშირებული ამბები
ეკოლოგიური პოლიტიკა ამართლებს - ევროპის წამყვანი კომპანიები ბიზნესის მწვანე სტრატეგიაზე გადაყვანით მილიარდებს იღებენ ITB Berlin: მსოფლიო არეულობის ფონზე ტურიზმის ინდუსტრია ახალ შესაძლებლობებს ეძებს