გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ თებერვალში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებში კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრას არ აპირებს.
SDP სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც პისტორიუსი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ოლაფ შოლცის ხელახლა არჩევას.
გერმანიაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად აღიარებული პისტორიუსი აცხადებს, რომ ის არ ეწინააღმდეგება შოლცს, რომელმაც გერმანიაში ვადამდელი არჩევნები კოალიციის დაშლის შემდეგ დანიშნა.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი კრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.
„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს სთხოვს, მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა 16 დეკემბერს გაიმართოს.
შოლცის მთავრობას პარლამენტში უმრავლესობა აღარ ჰყავს. „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ დაადასტურა, რომ ოლაფ შოლცს კვლავ კანცლერის მთავარ კანდიდატად დაასახელებენ.
პოლიტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს დიდი მხარდაჭერა აქვს, მას 14%-ით ჩამორჩება „სოციალ-დემოკრატიული პარტია“.
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები მომავალი წლის 23 თებერვალს გაიმართება.