მოსკოვის ზოოპარკიდან 70-ზე მეტი ცხოველი და ფრინველი ფხენიანში გადაიყვანეს, როგორც საჩუქარი პრეზიდენტ პუტინისგან. ცხოველები ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში მოსკოვის ზოოპარკის ექსპერტთა ჯგუფმა ჩაიყვანა.
როგორც რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრმა ალექსანდრ კოზლოვმა ფხენიანში განაცხადა, ეს „მხარდაჭერის, სიკეთისა და მზრუნველობის” ნიშანია.
მისი თქმით, ამ ცხოველებს შორისაა აფრიკული ლომი, ორი დათვი, ორი შინაური იაკო, 25 ხოხობი, 40 იხვი-მანდარინი და ხუთი თეთრი კაკადუ.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ფხენიანში ერთკვირიანი მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა და ჩრდილოეთმა კორეამ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმების დეტალები უცნობია, თუმცა სამშაბათს, 19 ნოემბერს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Tass-მა განაცხადა, რომ მხარეები ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზევე შეთანხმდნენ.
რუსეთის დელეგაციას ამ ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი ალექსანდრ კოზლოვი ხელმძღვანელობდა.
„ცხოველებს ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდათ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. მათ მხარდაჭერის, სიკეთისა და მზრუნველობის ნიშნად ჩუქნიან. დღეს კორეელ თანამებრძოლებს ვლადიმერ პუტინის საჩუქარი გადავეცით და ფხენიანის ზოოპარკში 70-ზე მეტი ცხოველი გადმოვიყვანეთ.
მოსკოვისა და ფხენიანის ზოოპარკები 13 წელზე მეტია თანამშრომლობენ. ამ ცხოველებს გამრავლება შეუძლიათ. ისინი ახალგაზრდები არიან. ეს ის არის, რაც ფხენიანის ზოოპარკს ნამდვილად სჭირდებოდა“, – განაცხადა ალექსანდრ კოზლოვმა.