მთავარიამერიკააშშტრამპის კაბინეტის ძალოვანი კანდიდატები

ტრამპის კაბინეტის ძალოვანი კანდიდატები

ამერიკის შეერთებული შტატების ძალოვან მიმართულებებს შესაძლოა ყოფილი სამხედროები გაუძღვნენ.

ვაშინგტონს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშვნის დიდი გამოცდილება აქვს. კონგრესსა და სენატში ათეულობით ვეტერანი აგრძელებს ქვეყნის სამსახურს.

და აი, ახლად არჩეულმა  პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი კაბინეტის რამდენიმე წევრი უკვე დაასახელა.

თავდაცვის მდივნის  თანამდებობაზე წარდგენილია პიტ ჰეგსეთი.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე – ჯონ რეტკლიფი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას კი მაიკ უოლცი დაიკავებს.

პიტ ჰეგსეთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, თუმცა იგი ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანიც იყო. ტრამპმა თქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით ამერიკის არმია კვლავ დიადი გახდება. თუმცა ამერიკულ მედიაში გავრცელდა პენტაგონის ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ყველა გაოცებულია.

ჰეგსეთი ამერიკის არმიის ვეტერანია, თუმცა მას მაღალი თანამდებობა არმიაში არ ეკავა. 2003 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი ეროვნულ გვარდიაში კაპიტნად დაინიშნა. იგი მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში. ასევე მუშაობდა გუანტანამოს ციხეშიც.

ჰეგსეთის ბიოგრაფიიდან ცნობილია ისიც, რომ  ომის  დანაშაულში ბრალდებულ სამხედროებსაც იცავდა. 2019 წელს მან მოუწოდა მაშინდელ პრეზიდენტს, შეეწყალებინა რამდენიმე ჯარისკაცი, რაც ტრამპმა დააკმაყოფილა. მაშინ ბომბის დამამზადებელი ავღანელი პირის მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი სამხედროც შეიწყალეს. ჰეგსეთი საკუთარ სატელევიზიო გადაცემებშიც უჭერდა მხარს ვეტერანებს.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი ჯონ რეტკლიფი 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ რომ ტრამპის სასარგებლოდ  ასაჯაროებდა საიდუმლო ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ  პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა.

რეტკლიფი ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენია  ტეხასიდან. კორონავირუსის პანდემიის დროს იგი ტრამპის ადმინისტრაციაში სამთავრობო სადაზვერვო სააგენტოებს ხელმძღვანელობდა.

„ის იქნება უშიშარი მებრძოლი ამერიკელთა კონსტიტუციური უფლებების, ეროვნული უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე“, – განაცხადა ტრამპმა.

მესამე მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ანუ  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მაიკ უოლცი წარადგინა.

50 წლის უოლცი 20 წელზე მეტხანს მსახურობდა ამერიკის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში. ის იყო ერთ-ერთი ელიტური დანაყოფის – „მწვანე ბერეტების“ წევრი. ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს მაიკ უოლცი თეთრ სახლსა და პენტაგონში მუშაობდა.

ცნობილია ჩინეთის პოლიტიკისადმი მისი მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებაც – როცა ჩინეთს ეხება საქმე, მას „ქორსაც“ კი უწოდებენ.  რაც შეეხება უკრაინას, უოლცი მიიჩნევს, რომ აშშ უკრაინას უნდა დაეხმაროს, თუმცა დაფინანსების კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

უოლცი, ისევე როგორც პიტ ჰეგსეთი, მსახურობდა ავღანეთში – აშშ-ის სამხედრო მისიის დროს. ასევე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაშიც. მას აქვს ოთხი ბრინჯაოს ვარსკვლავი, რომელთაგან ორი საბრძოლო მამაცობისთვის აქვს აღებული.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend