საქართველოს პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცესკოს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამოსაკითხად საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე.
განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ ნათქვამი ფაქტების შესწავლის მიზნით. პროკურატურის ცნობითვე, მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომლებიც შესაძლებელია, ფლობდნენ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტზე.