მთავარიგადაცემებიCULTრა ვნახოთ, სად წავიდეთ და რას მოვუსმინოთ კვირის განმავლობაში ევროპაში

რა ვნახოთ, სად წავიდეთ და რას მოვუსმინოთ კვირის განმავლობაში ევროპაში

ტიმ ბარტონის გამოფენა, Superflat-ი, ვენომი, რომელიც კინოთეატრების ეკრანზე დაბრუნდა, Pixies-ისა და ლორა მარლინგის ახალი ალბომები – მხოლოდ ნაწილია ევროპის ყველაზე საინტერესო კულტურული ცხოვრებისა ამ კვირაში.

ბედნიერი ჰელოუინი, მეგობრებო! მართალია, ჰელოუინი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ საშიშ საღამომდე ეს ბოლო კვირის დაიჯესტია წელს და ამასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის აფიშას საშინელებათა ჟანრის ელემენტებიც ახლავს.
ტიმ ბარტონის თაყვანისმცემლებს ნამდვილად აქვთ სიხარულის მიზეზი, რადგან მისი გამოფენა, სახელწოდებით „ტიმ ბარტონის სამყარო“, რომლითაც ბარტონი მსოფლიო ტურზე თითქმის ათი წელია დადის, საბოლოოდ ლონდონში დასრულდება და ჰელოუინზე გახსნის კარს.

Alberto Pezzali/ AP.

გამოფენა 2025 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

გრძელდება ნიდერლანდური დიზაინის კვირეული, ვენეცია კი ოპტიკური ხელოვნების ჟანრის პიონერის – ხელოვან მარინა აპოლონიოს რეტროსპექტივას მასპინძლობს. მისი გამოფენა, სახელწოდებით „წრის მიღმა“ პეგი გუგენჰაიმის კოლექციის (Peggy Guggenheim Collection) მუზეუმში მიმდინარეობს.

აქ წარმოდგენილია აპოლონიოს ასობით ნახატი, ქანდაკება, ესკიზი, ქრომატული ექსპერიმენტი – ყველაფერი, რაც კი ავტორს შეუქმნია 1963 წლიდან მოყოლებული დღემდე. გამოფენა 2025 წლის 3 მარტამდე გასტანს.

ლონდონში ლემან მაპინის ხელოვნების გალერეა იაპონელ მხატვარ Mr.-ის გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით – „ისინი, ვინც ცხოვრებასა და სიცოცხლეს ფერს ანიჭებენ“. მხატვარი Mr.-ი ე.წ. „სუპერფლატის“ (Superflat) ჟანრში მუშაობს და ამ მიმდინარეობის დამფუძნებლის ტაკაში მურაკამის ყოფილი პროტეჟეა.

მურაკამი, როგორც ცნობილია, გატაცებული იყო იაპონური კულტურის შესწავლით, ასევე კომერციალიზაციის, ფეტიშიზმისა და მომხმარებლური დამოკიდებულებების კვლევით. Mr.-ის გამოფენა დებიუტია გაერთიანებულ სამეფოში და ის 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

თუ კინოთეატრში გინდა განმარტოვდე, საშინელებათა ჟანრის სეზონთან დაკავშირებით გირჩევთ, ნახოთ ფილმი „ღიმილი 2“ ან ახალი ფილმი Venom: The Last Dance, რომელიც 2018 წელს გამოსული Venom -ის მესამე გაგრძელებაა. ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰარდი და ედი ბროკი ასრულებენ.

კინოფესტივალის ერთი ახალი მარგალიტია ფილმი „სამი კილომეტრი სამყაროს დასასრულამდე“, რომლის შესახებ ალბათ არც გსმენიათ, არადა, აუცილებლად უნდა ნახოთ. ფილმის სიუჟეტი, რომელიც კინორეჟისორმა ემანუელ პარვუმ გადაიღო, რუმინეთის ერთ მიყრუებულ სოფელში ვითარდება.

ფაბულა ერთი ოჯახის ამბავზეა აგებული. მამა აღმოაჩენს, რომ მისი 17 წლის ვაჟი ჰომოსექსუალია. შემდეგ მოვლენები ადგილობრივი თემის პარადიგმების, სტიგმისა და წითელი ხაზების რღვევის ფონზე ვითარდება. „ევრონიუსის“ მიმომხილველმა დევიდ მურიკომ ეს ფილმი კვირის ფილმად დაასახელა.

რაც შეეხება პედრო ალმოდოვარის პირველ ინგლისურენოვან მხატვრულ ფილმს „მეზობელი ქალი“, რომელმაც უკვე მოიპოვა „ოქროს ლომი“ ვენეციის კინოფესტივალზე, იგი სიცოცხლის, სიკვდილისა და იმ ურღვევი კავშირების შთამბეჭდავი პორტრეტია, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდება. ფილმი ორი ძველი მეგობრის – ინგრიდისა (ჯულიანა მური) და მართას (ტილდა სუინტონი) ამბავს მოგვითხრობს.

ინგრიდი მწერალია, რომელსაც სიკვდილის შიში აქვს, მართას კი უკურნებელი სენი სჭირს, რის გამოც სურს სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს.

რაც შეეხება ტელევიზიას, Disney+-ის სტრიმინგ პლატფორმაზე გადის დეტექტივი „კიმი დიორის გაუჩინარება“ (The Disappearance of Kimmy Diore), რომელიც 6 წლის იუთუბერის – კიმის გატაცების ამბავს იძიებს. ფილმი წარმოაჩენს სოციალური მედიის ინფლუენსერების, ერთი შეხედვით, უწყინარ სამყაროს, რომლის სიღრმეშიც მიმალულია ფარული ღვარძლი და ტყუილი. ეს ფილმი იმ ბავშვების ექსპლუატაციის თემას შლის, რომელსაც მშობლები მართავენ და რომელსაც კატასტროფული შედეგი მოაქვს.

კიდევ ერთი რეკომენდაცია ეძლევა Disney+-ის ფილმს „მეტოქეები“ (‘Rivals), რომელსაც საფუძვლად ჯილი კუპერის 1988 წელს გამოსული რომანი უდევს საფუძვლად.

ლორა მარლინგი ერთ-ერთი იშვიათი მომღერალია, რომელიც ფოლკლორული ჟანრის სირბილესა და პოეტურ სიღრმეს კარგად უთავსებს ერთმანეთს თავის სიმღერებში. იგი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც აღმოაჩინეს და მას შემდეგ რვა ალბომი გამოუშვა.

ახლახან გამოვიდა ლორას ახალი ალბომი ‘Patterns in Repeat’, რომელიც 2020 წელს გამოშვებული ალბომის ‘Song for Our Daughter’-ის შემდეგ პირველად გამოვიდა. ამ ორ ალბომს შორის პერიოდში ლორაა ორი გოგონა გააჩინა. ახალ ალბომში ის დედობრივ გრძნობებზე მღერის, მისი მუსიკა კი ძალიან ჰგავს იავნანას.

90-იანი წლების ცნობილი როკ-ბენდის Pixies-ის ახალი ალბომი „ღამე, როდესაც ზომბები მოვიდნენ“ (‘The Night the Zombies Came’) კარგად ემთხვევა ჰელოუინის განწყობას. ეს არის პირქუში როკი, რომელსაც სიგარეტის ნამწვებით მოფენილი სარდაფის გარემოში უნდა მოუსმინო.

ლედი გაგას თაყვანისმცემლების სიხარულს საზღვარი არ ექნება, რადგან მომღერალმა თავისი პირველი სინგლი გამოუშვა ალბომიდან, რომელსაც, როგორც ამბობენ, „ბულბული“ (‘Nightingale’) ერქმევა.

ეს ბოლო ხანებში ლედი გაგას პირველი პოპ-მუსიკის ჟანრის სინგლია. ბოლოს ასეთი სინგლი სახელად ‘Chromatica’ 2020 წელს გამოვიდა, რომელსაც 2021 წელს მოჰყვა ჯაზის სინგლი ‘Love for Sale’ და ფილმ „ჯოკერისთვის“ გამოშვებული მუსიკა – Joker: Folie à Deux, ‘Harlequin’.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend