მთავარიგადაცემებიSmart Regionsგენტის ძველი ცირკი ტექნოლოგიურ ჰაბად იქცა

გენტის ძველი ცირკი ტექნოლოგიურ ჰაბად იქცა

ბელგიის  ისტორიულ ქალაქ გეტში არის ერთი უნიკალური ადგილი, ყოფილი ცირკის შენობა, სადაც უახლეს ტექნოლოგიებსა და ხელოვნებას ინოვაციები აერთიანებს.

ქალაქ გენტის ცენტრში ყველაზე დიდებულ სანახაობას დავესწროთ! ეს Wintercircus-ია, მე-19 საუკუნეში აგებული ცირკის ქვის შენობა, რომელსაც ავტოფარეხადაც იყენებდნენ. მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი რესტავრაცია, რომელსაც ნაწილობრივ ევროკავშირი აფინანსებდა. რესტავრაცია დასრულდა და ეს ისტორიული შენობა ტექნოლოგიურ ჰაბს უღებს კარს.

“ჩვენ გვინდა, რომ აქ ერთად მოვუყაროთ თავი ხელოვნებას, კულტურას, მუსიკას, ტექნოლოგიასა და ინოვაციას,“ – ამბობს ლუის იონკჰერე,Wintercircus-ის ხელმძღვანელი. „გვინდა, ევროპაში შევქმნათ უნიკალური ადგილი, რომელიც ამ რამდენიმე სხვადასხვა სამყაროს ერთად მოუყრის თავს“.

მისი ცენტრალური არენა, რომელზეც ერთ დროს საცირკო სანახაობა იმართებოდა, ახლა საზოგადოების თავშესაყარ მოედნად გადაიქცა, რომელიც ქალაქს ერწყმის.

„ჩვენი სურვილია, ეს ის ადგილი იყოს,  სადაც ჯადოსნური ამბები ხდება,“ – განმარტავს ლუის იონკჰერე. „აქ სხვადასხვა ტიპის ადამიანები და დაჯგუფებები იყრიან თავს, რათა ერთად იფიქრონ და ითანამშრომლონ მეწარმეობისა თუ ტექნოლოგიის კუთხით და ისეთი  წინადადებები შესთავაზონ საზოგადოებას, რომლებიც უფრო გამოსადეგი იქნება მომავალში“.

ჯადოქრობა კვლავ დაბრუნდა 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობაში, რომელშიც განთავსებულია შემინული აუდიტორია, თანამშრომლობის სივრცე, მუსიკალური კლუბი, მოდური ბარები და რესტორნები. შენობის რესტავრაციის დროს მთავარი პრობლემა იყო, შეენარჩუნებინათ ისტორიული იერსახე და თან თანამედროვეობისთვის მნიშვნელოვანი მდგრადი ელემენტებიც გაეთვალისწინებინათ.

“შენობა რომ მდგრადი გამოსულიყო, ძალიან მაღალი დონის ტექნოლოგიებია გამოყენებული,“ – ამბობს  ჟოლიენ დე ბატსი, OYO Architects-ის ინტერიერის დიზაინერ-არქიტექტორი. „შენობას აქვს გეოთერმული ჭაბურღილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, რომ მიწისქვეშა სითბო გამოვიყენოთ შენობის გასათბობად და გასაგრილებლად. გარდა ამისა, ვცდილობთ, ინტერიერის დიზაინისთვის გამოვიყენოთ ძველი ნივთები და ავეჯი“.

ეს პროექტი თითქმის 30,8 მილიონი ევრო დაჯდა. აქედან დაახლოებით 1.352.317,5 ევრო  ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა, 21.647.682 ევრო ფლანდრიისა და ქალაქ გენტის მთავრობამ გაიღო, 8 მილიონი კი კერძო ინვესტიცია ჩაიდო.

Wintercircus-ი სცენას გამომგონებლებსა და შემოქმედ ადამიანებს უთმობს. ამ შთამბეჭდავ სივრცეში უახლესი ტექნოლოგიებზე მომუშავე 40 სტარტაპი ოპერირებს.  მათ შორის არის Say IT Labs-ი, ჯილდოს მფლობელი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მეტყველების თერაპიას სთავაზობს მომხმარებელს, რისთვისაც ინოვაციურ ვიდეოთამაშებს იყენებს.

„ჩვენთან ყველაფერი ერთ სივრცეშია, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი, სასწავლო აპარატურა თუ სხვა ნებისმიერი რამ, რაც კი უახლეს ტექნოლოგიებს უკავშირდება,“ – ამბობს ერიკ რაიტერი, SayIT Lab-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი. „ეს არის ადგილი, სადაც იდეების თავისუფლად გაცვლა შეიძლება. ამას ყველგან ვერ ნახავ. ასეთი ეკოსისტემის წევრობა ნამდვილად გაძლევს დამატებით ღირებულებას, რადგან უამრავი რამის სწავლა შეგიძლია გვერდით მჯდომისგან“.

ძველი ცირკის შენობა ინარჩუნებს წარსულის მხიარულ სულს, თუმცა აკრობატებისა და ჟონგლიორების ნაცვლად ახლა აქ არაჩვეულებრივ სანახაობას  ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი წარმოგიდგენთ.

ავტორი: კრისტინა ხინერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend