კატეგორიები

ლატვიას თავისი ოპტიკური ბოჭკოს 90%-ზე მეტი ექსპორტზე გააქვს

ლატვიას თავისი ოპტიკური ბოჭკოს 90%-ზე მეტი ექსპორტზე გააქვს
ლატვია გათვლას ოპტიკურბოჭკოვან ტექნოლოგიაზე აკეთებს. ამ ქვეყანაში წარმოებული ოპტიკური ბოჭკოების  90%-ზე მეტი ექსპორტზე გააქვთ. ეს მრავალფუნქციური ტექნოლოგია, რომლის მისაღებადაც სინთეზური კვარცია საჭირო, დრეკადია და შეუძლია, გაატაროს როგორც ულტრაიისფერი, ისე ინფრაწითელი სხივები.

სისხლძარღვთა ქირურგი და ფლებოლოგი ინც უდრისი ამ პროდუქტს ყოველდღე იყენებს ოპერაციის დროს. ეს დრეკადი და გამჭვირვალე ოპტიკური  ბოჭკო ერთნაირად კარგად ატარებს ულტრაიისფერ და ინფრაწითელ სხივებს. ამ თვისების წყალობით, ქირურგიული ჩარევა ნაკლებად ინვაზიურია და ოპერაციის შემდეგ გაჯანსაღების პროცესიც უფრო სწრაფია.

„მისი დიამეტრი მხოლოდ 0.5 მილიმეტრია. ძალიან წვრილია და შესაძლებელია მისი ვენაში შეყვანა,“ - ამბობს ინც უდრისი,. იგი ნაკლებად აზიანებს სხეულის ქსოვილს და ოპერაციის შემდეგ არ იწვევს ტკივილს, პაციენტს შეუძლია, 24 საათის შემდეგ შხაპი მიიღოს, ხოლო ოპერციის მეორე დღეს საცურაოდ წავიდეს“.

ლატგალიის რეგიონი, რომელიც ლიეტუვას, რუსეთსა და ბელარუსს ესაზღვრება, ლატვიური ოპტიკური ბოჭკოს დაბადების ადგილია. ევროპული პროექტის Optical Fiber Valley-ის ფარგლებში ქალაქ ლივანიში გაჩნდა სხვადასხვა კომპანია, რომლებიც ამ ტექნოლოგიას აწარმოებენ. მაგალითად, კომპანია Lightguide-ი, რომელიც წელიწადში 20 მილიონ მეტრ ოპტიკურ ბოჭკოს აწარმოებს, ცდილობს მომხმარებლის მოთხოვნას უპასუხოს და ნაწარმი 50-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.

„ამ სადენის დიამეტრი 270 მიკრონია და მას იყენებენ თირკმლიდან ქვების გამოსატანად -  ლითოტრიფსიის პროცედურისთვის, როდესაც თირკმელში ქვებს ლაზერით შლიან,“ - განმარტავს სანტა ვუჩინა, Lightguide-ის ხარისხის მართვის სპეციალისტი. „მარტივი სამედიცინო აპარატისთვის, რომელიც ერთი ბოჭკოსა და უბრალო გამტარისგან შედგება, წელიწადში დაახლოებით მილიონ ბოჭკოს ვამზადებთ“.

პროექტ Optical Fiber Valley-ის  მთლიანი ბიუჯეტი 5 მილიონ 400 ათას ევროს აჭარბებს. ამ თანხის 40 პროცენტი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება, დარჩენილ თანხას კი თავად კომპანიები და პარტნიორი ორგანიზაციები იხდიან. ევროპაში ოპტიკურ-ბოჭკოვან სამედიცინო ტექნოლოგიაზე უზარმაზარი მოთხოვნაა. ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტო აქტიურად უწყობს ხელს ამ ბიზნესს.

„ამჟამად ამ უახლეს ტექნოლოგიაზე ლატვიის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3 პროცენტი მოდის, მაგრამ ეს კომპანიები ძალიან სწრაფად იზრდებიან,“ - ამბობს ვიტა ბალოდე ანდრიუსი, ექსპორტისა და ინოვაციური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, LIAA. „ამიტომ იმედი გვაქვს, რომ 10 წელიწადში ტექნოლოგიური სექტორის წილი მშპ-ში 10% იქნება და, რა თქმა უნდა, ეს პროცენტი ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიასაც მოიცავს“.

თხრობა

ზოგიერთი კათეტერი თმის ღერივით წვრილია. ასეთ პროდუქტს სხვადასხვა ქირურგიული ჩარევისთვის იყენებენ და როგოც ექიმი უდრისი ამბობს, ის ძალიან დიდ შეღავათს აძლევს პაციენტს.

„იგი  ნაკლებად აღიზიანებს ქსოვილს და დაახლოებით ოთხჯერ ნაკლები ენერგია გვჭირდება, ვიდრე 25 წლის წინ“, - ამბობს სისხლძარღვთა ქირურგი და ფლებოლოგი  ინც უდრისი.

ავტორი: ავრორა ველესი

დაკავშირებული ამბები
ლატვიას თავისი ოპტიკური ბოჭკოს 90%-ზე მეტი ექსპორტზე გააქვს მოხალისეების მიერ კანარის კუნძულებთან გადაღებული ზღვის ფლორისა და ფაუნის ფოტოები მეცნიერებს ოკეანის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლაში ეხმარება