ხუთშაბათს ევროპარლამენტის წევრები და მათი თანაშემწეები სტრასბურგიდან ბრიუსელში მიემგზავრებოდნენ. თუმცა უეცრად გაჩენილი კვამლის გამო რკინიგზის თანამშრომლები იძულებული გახდნენ, ის მატარებელი დაეცალათ, რომელსაც სხვა მგზავრებთან ერთად ევროპარლამენტარებიც გადაჰყავდა ბელგიის დედაქალაქში.
ქვემო რეინის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დღის სამი საათისთვის ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.
დაშავებულთა და კვამლის გაჩენის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საფრანგეთის რკინიგზის სამსახური იტყობინება, რომ მატარებელში გაჩენილი კვამლის გამო მოძრაობა შეფერხებულია ორივე მიმართულებით. მოძრაობა, სავარაუდოდ, საღამოს 6 საათისთვის უნდა აღმდგარიყო.
„ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გამოიყოს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები, რათა ყველა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ბრიუსელში“, – განმარტეს პარლამენტის წყაროებმა.
ევროპარლამენტი მუდმივ კავშირზეა კომპეტენტურ სამსახურებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ პრობლემის დროულად გადასაჭრელად.
ევროპარლამენტმა არ გაასაჯაროვა, თუ რამდენი პარლამენტარი იმყოფებოდა მატარებლის ბორტზე. მათ არც ინციდენტის შესახებ უსაუბრიათ დეტალურად.
ევროპარლამენტარები ბრუნდებოდნენ სტრასბურგის პლენარული სესიიდან, რომელიც ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით მიმდინარეობდა.