მთავარისაქართველოარარეალისტური მოლოდინი ჩინეთთან დაკავშირებით - ახალი კვლევა

არარეალისტური მოლოდინი ჩინეთთან დაკავშირებით – ახალი კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამოქალაქო იდეა” და „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” ქართულ მედიაში ჩინეთის გაშუქების შესახებ მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია ჩაატარეს. კვლევის ავტორების თქმით, ანგარიშის მიზანი იყო მედიაში ჩინეთის შესახებ არარეალისტური, სტერეოტიპული და არაზუსტი ინფორმაციის გამოვლენა. კვლევის ავტორები ცდილობენ ჩინეთის მაგალითის მოხმობას იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობს რბილი ძალა და საინფორმაციო პროპაგანდა საქართველოში. კვლევის პრეზენტაცია მანამდე ქართველი ექსპერტებისთვის ივნისში ჩატარდა, ხოლო დღეს კვლევის შედეგები უცხოელ კოლეგებსაც გააცნეს. პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე გაიმართა.

როგორც „სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ამბობს:„სახელისუფლებო მედია გადამეტებული მნიშვნელობითა და გადამეტებული მოლოდინებით აბსოლუტურად არარეალისტური სურათის შექმნას ცდილობს. მაგალითად, ხშირად ნახავთ გაშუქებას იმის, რაც არ არსებობს. ხშირად საუბრობენ გაზრდილ ინვესტიციებსა და გაზრდილ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. სინამდვილეში რიცხვები და სტატისტიკა, ფაქტობრივი მდგომარეობა საპირისპიროს ადასტურებს”.

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” ხელმძღვანელი და კვლევის ავტორი ნათია კუპრაშვილი განმარტავს, რომ სტერეოტიპული დამოკიდებულებაა ჩინეთის ე.წ. რბილ ძალასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, არის სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი უფრო გამოირჩევა რბილი ძალითა და ნაკლებად ხილულია ეს ქმედებები ამა თუ იმ სისტემებში, თუმცა ჩინეთის ეს ბუნება იცვლება და უფრო მკაფიო ნაბიჯებს ვხედავთ მისი მხრიდან, როგორც შინაარსობრივ ნაწილში, ისე თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ კვლევა ჩავატარეთ სარეკლამო ნაწილში და აქაც საკმაოდ მზარდი ტენდენცია შევნიშნეთ”, – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

გასულ წელს საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. მოგვიანებით კი, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend