მთავარისაქართველოსუსი ტერორისტული აქტისა და შეთქმულების ფაქტების გამოძიებას განაგრძობს

სუსი ტერორისტული აქტისა და შეთქმულების ფაქტების გამოძიებას განაგრძობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტს იძიებს. „ქართული ოცნების“ წევრები პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების დასრულებას ელიან და ფიქრობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე გამოძიებას წარმატებით დაასრულებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ 24 ივლისს სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა პარტიული პროპაგანდის ნაწილი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ მოწოდების სიმაღლეზეა და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე ააცილა თავიდან. ბუნებრივია, ეს გამოძიებაც წარმატებით დასრულდება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის დეტალების გაცნობა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა. ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან. დარწმუნებული ვარ, სუსი საზოგადოებას ინფორმაციას იმგვარად მიაწვდის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებული პროპაგანდის გასაძლიერებლად და რეალური პრობლემების ნაცვლად არარსებულ რისკებზე სასაუბროდ იყენებს: „სამწუხაროდ, დღეს, როცა სახელმწიფო მიტაცებულია რუსეთის მსახური ხელისუფლების მიერ, სუსიც მიტაცებულ ინსტიტუტთა შორისაა. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ დღეს სუსი გამოიყენება პარტიული პოლიტიკური პროპაგანდისა და მითოლოგიის ინსტრუმენტად. იგი აცდენილია იმ ფუნდამენტურ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც მას, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ ინსტიტუტს, უნდა გააჩნდეს. ჩვენს რეგიონში არის ძალიან ბევრი ობიექტური და ლეგიტიმური რისკი და საფრთხე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას უმძიმესი გამოწვევების წინაშე აყენებს“.

სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვიც.

„მიგვაჩნია, რომ მიუღებელია მკვლელობის მცდელობა – ტერორისტული აქტი, განსაკუთრებით კი, მოქმედ პოლიტიკოსზე და მიუღებელია პოლიტიკური ზეწოლის ასეთი უკანონო ძალისმიერი მეთოდების დანერგვა“ – ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ სავარაუდო „ტერორისტული აქტის“ მომზადების თაობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend