2023 წელს გაწვეული და ერთი წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ 50-დღიანი საპროტესტო აქციების ფონზე მიღებულმა სადავო კანონმა ე.წ „გამჭვირვალობის“ შესახებ, საპარლამენტო დარბაზიდან სასამართლოში გადაინაცვლა. კანონის ამოქმედების პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამი დღის განმავლობაში განმწესრიგებელ სხდომებზე მსჯელობდა. კანონს რვა მოსამართლე განიხილავდა. მოსამართლეთა რაოდენობამ მოსარჩელე მხარისთვის დამატებითი დილემა გააჩინა – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლეთა ხმები თანაბრად გადანაწილდა? კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ამ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. იურისტები შემდგომ სამართლებრივ პროცედურებს განმარტავენ.
„მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება. პირველი ეხება სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებას, ანუ დაშვებულად ცნობას, ხოლო მეორე – კანონის, ზოგიერთ სარჩელში მთლიანად კანონის, ზოგიერთში კი კანონის რამდენიმე მუხლის მოქმედების შეჩერებაზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის გარდა, დანარჩენ მოსარჩელეებს შეუძლიათ, მიმართონ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იმ მოთხოვნით, რომ სასამართლომ გამოიყენოს დროებითი ღონისძიება, კერძოდ, კანონის გარკვეული მუხლების შეჩერების მოთხოვნა“, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე.
კანონს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ აფასებენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლოში წარდგენილი სარჩელის თანაავტორები არიან. მათი განმარტებით, სადავო კანონი ადამიანის ძირითად უფლებებსა და პირად ცხოვრებაში ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო კანონი შინაარსობრივად კონსტიტუციის ერთ-ერთ მთავარ, საგარეო კურსის განმსაზღვრელ, 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
„კანონის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს, ფაქტობრივად, ულიმიტო მონიტორინგის უფლება ენიჭება. უწყებას არამხოლოდ ფინანსურ ან პროექტულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების უფლება აქვს, არამედ თანამშრომლების, ბენეფიციარების, პარტნიორების პერსონალური ინფორმაცია, ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. ესეც არის ძალიან მძიმე დარღვევა და შეუთავსებლობა საქართველოს კონსტიტუციასთან. ამგვარი რეგულაციებით, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიასაშუალებების თავისუფალი საქმიანობა ქვეყანაში. ამ კანონის მიხედვით არ განირჩევა დარეგისტრირებული და დაურეგისტრირებული ორგანიზაცია. ის თანაბრად უქმნის პრობლემებს ყველა იმ სუბიექტს, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის მუშაობს“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი დაახლოებით 30 000-მდე ორგანიზაციიდან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ 469 დარეგისტრირდა. ჯერ კიდევ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებისას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევაძემ განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე სწორედ იმ ორგანიზაციათა შემოწმება დაიწყება, ვინც რეგისტრაციაზე უარი ღიად თქვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოლოდინები განსხვავებულია. მოსარჩელეთა ნაწილს მიაჩნია, რომ ის პოლიტიკურად იქნება მოტივირებული, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელი ქვეყანაში სამართლებრივი დავის ერთადერთი გზა იყო. ნაწილი კი ისეთ შემთხვევებსაც იხსენებს, როდესაც სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩემი ვარაუდით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ სასამართლო სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ მიიღებს განსახილველად, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ მან დააკმაყოფილოს კანონის ნორმების მოქმედების შეჩერება“, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე.
„ამ საქმეზეც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლოს მიმართ პოლიტიკური წნეხი იქნება ძალიან დიდი. თუმცა, იმასაც ვიაზრებთ, რომ ეს არაა რიგითი სარჩელი, სადაც მოსამართლეებმა შეიძლება, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ინტერესების გამო პირობითად, კონსტიტუციურ ღირებულებას არ სცენ პატივი“, – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე.
ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა და მისი გაუქმების შესახებ მოწოდებები დღემდე გრძელდება. ამ ფონზე კი კრემლისგან სადავო კანონის მხარდამჭერი გზავნილები ისმის.
„კანონი, რომელიც მიიღეს, არაა „აგენტების კანონი“. ეს არის კანონი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ. არანაირ სტატუსს არ ანიჭებენ იმ პირებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ. მათ მიმართავენ მოთხოვნით, რომ აჩვენონ ფინანსები, რომლებსაც უცხოეთიდან იღებენ. ის გაცილებით მკაცრი სახით მოქმედებს საფრანგეთში, პოლონეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ სადავო კანონი არ გაუქმდება. ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი პირები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნის ევროიტეგრაციის პროცესს ხელს არ უშლის, თუმცა დასავლეთში ასე არ ფიქრობენ. 2024 წლის ივნისში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერა.