პროკურატურამ ე. წ. ქოლცენტრების საქმეზე ოთხი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა კიდევ ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს.
პროკურატურის ცნობით, თაღლითური ქოლცენტრის თანამშრომლები დაზარალებულებს დისტანციურად უკავშირდებოდნენ, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტობირჟებზე და მათი თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ანგარიშებზე.
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 89 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. უწყების ცნობით, დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა 30 მილიონ ლარს აღემატება. ასევე ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 90 მილიონ ლარზე მეტია.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს „მორგან ლიმიტედის” ბაზაზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
„შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლცენტრის თანამშრომლები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურის განცხადებაში ფიგურირებს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის, სახელი.
„თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხსენებული თანხები მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და ჩართეს ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის გზით. გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დისა და კეზერაშვილის დისშვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობითა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე საზოგადოებას ეცნობება დამატებით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლცენტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, უწყება ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.