ერთი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციაში, კურსკის ოლქში, სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. კიევში ოფიციალური განმარტება არაერთხელ გაკეთდა. ამ შეტევის მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა რუსეთის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მიზნით. 6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა. აშშ-ის სამხედრო ბაზა „რამშტეინზე”, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, მან კიდევ ერთხელ მოითხოვა დამატებითი შეიარაღება და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებაც ესაუბრა.
„ესაა ის სასაზღვრო ზონა, საიდანაც პუტინი აპირებდა ომის გაფართოებას უკრაინის ტერიტორიაზე. ის აპირებდა იერიშების წამოწყებას ჩვენი ქალაქის სუმის მისამართით. ასე რომ, ჩვენ უნდა გვეპასუხა და კონტრშეტევის შედეგად უკუგვეგდო რუსული ძალები საზღვრის მიღმა. დღეს ჩვენ ვაკონტროლებთ 1300 კვ. კილომეტრს კურსკის რეგიონში და ეს მოიცავს 100 დასახლებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაწილს ვაკონტროლებთ. ერთი თვის მანძილზე რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქში 6000 ჯარისკაცი დაკარგეს. მხოლოდ კურსკში და ათეულობით ათასი ჯარისკაცი ფრონტის სხვა მიმართულებაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 250 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს. ესაა პირველი შეხვედრა, სადაც ზელენსკიმ პირდაპირ სთხოვა პარტნიორებს რუსეთის სიღრმეში დასავლური შეიარაღების გამოყენება. უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა პენტაგონშიც და შემდეგ უკვე გერმანიაში ამერიკის თავდაცვის მდივანმა კიევის მხარდაჭერის დეტალებზე ისაუბრა.
„ჩვენი შეხვედრა ყველაზე დინამიკურ მომენტში იმართება. უკრაინა აგრძელებს მცდელობას, დაეუფლოს ინიციატივას ბრძოლის ველზე. უკრაინელი სამხედროები ახლა აწარმოებენ ოპერაციას რუსეთის კურსკის ოლქში. კრემლის არმია კი, ახლა თავდაცვით ოპერაციებშია ჩართული“,- აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა NATO-ს მოქმედმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. ოსლოში ნორვეგიის პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა ჩინეთს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთისთვის სამხედრო დანიშნულების საშუალებების მიწოდება. მან პარტნიორების მხრიდან კიევის მხარდაჭერის გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
Great to be in Oslo for my last official visit & to meet my friend & colleague PM @jonasgahrstore. I welcomed #Norway’s increased defence spending, reaching 2% of GDP, and its key support to #Ukraine. We addressed the importance of stepping up #NATO support so Ukraine can prevail pic.twitter.com/wxlo2MAQ0v
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) September 6, 2024
„უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა. ყველაზე სწრაფი გზა ომის დასასრულებლად არის კიევისთვის იარაღის მიწოდება. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ომს ვერ მოიგებს და დასთანხმდეს მშვიდობას, სადაც უკრაინა იქნება სუვერენული და დამოუკიდებელი. მოგიწოდებთ ყველას, რომ განაგრძოთ მხარდაჭერა, განსაკუთრებით ომის ამ მძიმე ფაზაში. ომი აჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება არა რეგიონული, არამედ გლობალურია. ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან აწვდიან უპილოტოებს, საბრძოლო მასალას, ხოლო ჩინეთი რუსეთისთვის გადამწყვეტ ძალად იქცა უკრაინის წინააღმდეგ. ეს მოიცავს ორმაგი დანიშნულების კომპონენტების, აღჭურვილობისა და ნედლეულის მიწოდებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამ დროს კი, საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა სირსკიმ დაადასტურა, რომ რუსული არმიის წინსვლა დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზე შეჩერდა. ოლექსანდრ სირსკის თქმით, ბოლო ერთი კვირაა პოკროვსკის მიმართულებით რუსული არმია წინ ვეღარ მიიწევს და უკრაინის არმია მედგარ წინააღმდეგობას უწევს კრემლის არმიას.