მთავარისაქართველოროცა ბუნება ერწყმის ხელოვნებას - როგორ ჟღერს წინანდლის მუსიკა

როცა ბუნება ერწყმის ხელოვნებას – როგორ ჟღერს წინანდლის მუსიკა

6 სექტემბერს წინანდლის მამულის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან მევიოლინე კრისტოფ ბარატი, პიანისტი ალექსანდრე კანტოროვი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელსაც ვასილი პეტრენკო უდირიჟორებს.

5 სექტემბერს კი, წინანდლის მამულში უკრავდნენ ცნობილი პიანისტები, მათ შორის, ბორის გილტბურგი და ალექსანდრე მალოფეევი.

მოგვიანებით „თუმანიშვილის თეატრის” მსახიობებმა წარადგინეს ეჟენ იონესკოს „მელოტი მომღერალი ქალი”.

წინანდლის ფესტივალის შესახებ ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა ემერიტუს-პროფესორ ჯეროლდ ლევინსონს, რომელიც ათწლეულებია მუშაობს ხელოვნებისა და მუსიკის ფილოსოფიის განხრით.

მან ხელოვნების აღქმის თავისებურებები განმარტა და ისაუბრა სხვადასხვა ფაქტორის როლზე ამ გამოცდილებაში.

„ერთი რამ, რაც მუსიკის მოსმენას აქ განსაკუთრებულს ხდის, ინტიმურობაა. აქ ძალიან ახლოს ხარ შემსრულებელთან, მაშინაც კი, თუ უკანა რიგებში ზიხარ, ხოლო გარეთ ლამაზი ბუნებით ხარ გარშემორტყმული. ზოგჯერ, იჭერ კავშირს, მუსიკის რიტმს, ტემპს და გარშემო ფოთლების მოძრაობას ხეების შრიალს შორის. ამიტომ, აქ კარგად ერწყმის ერთმანეთს ბუნებრივი და ადამიანის ხელით შექმნილი რამ”, – განაცხადა ჯეროლდ ლევინსონმა.

მისივე თქმით, ის, რაც მუსიკას ხელოვნების სხვა სფეროებისგან გამოარჩევს, არის ის, რომ მუსიკას დროის განზომილება აქვს.

„ის ინტერვალებისგან შედგება. როდესაც ცდილობ მუსიკის შეფასებას, კი არ კითხულობ, რა ფორმა აქვს მას, უფრო მეტად სვამ კითხვას, თუ როგორ ჟღერს ის, როგორ მოძრაობს, ან მოედინება. აქ ამას კარგად აღიქვამ, რადგან შემსრულებლები იმდენად მაღალ დონეზე არიან, რომ ახერხებენ გადმოსცენ ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ნაწარმოებშია… მუსიკალურად, ემოციურად, კულტურულად, ისტორიულად…

მუსიკას შეუძლია შენი თვალსაწიერი გააფართოოს, ესაუბრება შენს გულსა და ემოციებს, იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მუსიკა ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი რამ არის. ის ახერხებს, აგამოძრაოს და ამ დროს სინქრონში ხარ მუსიკასთან, სამყაროსა და სხვა მსმენელებთან. თითქოს, ყველას გული ერთად ცემს, თითქოს, ყველა ერთ სიხშირეზე ხართ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით”, – განმარტავს ამერიკელი პროფესორი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend